ვისი პროვოცირებულია ბათუმის ბოტანიკური ბაღის უსაფუძვლო სკანდალი; რატომ ადანაშაულებდა „ნაციონალური მოძრაობა“ ბიძინა ივანიშვილს უნიკალური მცენარეების უკანონო გადარგვაში; როგორ და ვისზე გასხვისდა ბოტანიკური ბაღის მიმდებარე სანაპირო ზოლი ერთ ლარად, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებულებით და ყალბი დოკუმენტაციით. ამ თემას ეძღვნება ვახტანგ კომახიძის, ბექა კემულარიას და ბესო კურტანიძის დოკუმენტური ფილმი - „ლილიოდენდრონი“.
ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი ფილმის ავტორებთან ინტერვიუში აცხადებს, რომ „ეს თემა ხელოვნურად არის აწეული „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ“.
„გასაგებია, რომ ისინი მაქიმალურად ცდილობენ ჩემს ოპონირებას. მაგაზე დიდი ხეები ჩილედან და ესპანეთიდან ჩამომაქვს. ეს არის ნორმალური - ტყიდან შეიძლება, რომ ხე გადაირგოს და გაიყიდოს. საქართველოში შესაძლოა, ეს იყო უპრეცედენტო და ბევრი განმარტების გაკეთება გვიწევს ამაზე. ბოლო დღეებში, უამრავი ხე იჩეხება ადგილზე, გაიარეთ იქვე, 50 მეტრი და ნახავთ, უზარმაზარ მაგნოლიებს როგორ აქვთ ჩამოჭრილი ტოტები“,-აცხადებს ივანიშვილი.