ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვან გზაგასაყარზე დგას და სერიოზული შანსი აქვს, რომ დაბრუნდეს საკუთარ ევროპულ ოჯახში, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა იუნკერთა მემორიალთან განაცხადა.
მინისტრის თქმით, დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ისტორიაში, მნიშვნელოვანია მისი ტრაგიზმითა და იმითაც, რომ მუდმივად ვიდრე ქართული სახელმწიფო არსებობს და სანამ ფეხზე დგას, ახსოვდეს ეს დღე, იმისათვის რათა აღარასოდეს მოხდეს და აღარასოდეს აფრიალდეს საქართველოს თავზე წითელი დროშა.
"დროშა შეიძლება სხვა ფერი იყოს, თუმცა წითელს პირობითად ვამბობ, რა თქმა უნდა. დღეს ძალიან მნიშვნელოვან გზაგასაყრზე დგას ჩვენი ქვეყანა. მნიშვნელოვანი, სერიოზული შანსი გვაქვს, რომ დავბრუნდეთ საკუთარ ევროპულ ოჯახში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ასეთი დღეები, როცა უნდა გვახსოვდეს და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ის ისტორიის ტრაგიკული კუთვნილება გახდეს", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, რომელმაც იუნკერთა მემორიალი გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელთან, უშიშროების საბჭოს მდივანთან და სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად გვირგვინით შეამკო.