შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სახალხო დამცველს მოუწოდებს, უფრო ღრმად და დეტალურად ჩაიხედოს პროცესებში. ამის შესახებ დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, როდესაც სახალხო დამცველის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ტყიბულის მაღაროში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით აუცილებელია ამოქმედდეს სამმხრივი კომისია.
დავით სერგეენკო განმარტავს, რომ სამმხრივი კომისიის ფუნქცია არ არის კონკრეტული შრომითი დავების განხილვა, არამედ ეს არის პოლიტიკის და სტრატეგიის შემმუშავებელი საბჭო.
"სახალხო დამცველის პოზიცია არის სახალხო დამცველის პოზიცია, რომელიც რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. მაგრამ, მე აღარ მახსოვს ეს უკვე მერამდენე მოწოდებაა, რომ უფრო ღრმად და დეტალურად ჩაიხედოს პროცესებში.
კერძოდ, სამმხრივი კომისიის ფუნქცია არის არა კონკრეტული შრომითი დავების ან სხვა რაიმე სახის დავების განხილვა, არამედ პოლიტიკური და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც შეეხება შრომით დავებს. ეს არის პოლიტიკის შემმუშავებელი ორგანო, რომელიც შარშან შეიკრიბა და გამოიტანა დადგენილება, რომლის მიხედვითაც ჯანდაცვის მინისტრს დაევალა მედიაცია.
ჯანდაცვის მინისტრი უკვე აქტიურად მინაწილეობს ამ პროცესში. ეს მონაწილეობა გამოიხატება კანონით დადგენილი ნორმების აღსრულებაში, როდესაც იქ მივლინებული არიან ჩვენს მიერ შერჩეული ადამიანები", -განაცხადა სერგეენკომ.