საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის იანოშ ჰერმანის განცხადებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული პროცესები წინ მიდის.
როგორც ჰერმანმა ჟურნალისტებს განუცხადა, თარიღებს, თუ როდის დაიწყებს ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას, თავად საბჭო და ევროპარლამენტი დაასახელებენ.
"ეს პროცესები წინ მიდის. თარიღებს საბჭო და პარლამენტი დაასახელებენ. ამ საკითხზე ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, როგორც ევროკავშირის შიგნით, ისე თქვენს მთავრობასთან, მაგრამ კონკრეტული პასუხის გაცემა ახლა არ შემიძლია", - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
არსებული ინფორმაციით, ევროკომისია ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს საქართველოსთვის ვიზალიბერელიზაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივით მარტში მიმართავს.