ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულ ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატი კობა კობახიძე პოლიციაში დაიკითხა. კობახიძე დაკითხვაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა. როგორც მან ჟურნალისტებს დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა, გამოძიებას ინფორმაცია იმ მუქარის შესახებ მიაწოდა, რომელიც მისი მისამართით ხორციელდება.
ამასთან, კობახიძემ მედიასთან მორიგი ხმაურიანი განცხადებაც გააკეთა და აღნიშნა, რომ მანანა და თედო კობახიძეების სიძემ მეზობელი დაჭრა, რომელსაც პროკურატურაში საქმე თედო კობახიძემ "მოუგვარა".
"შარშან მოახდინა მეზობლის, აბულაძის დაჭრა. ამ საქმეზე არავითარი რეაგირება პროკურატურისგან ჯერჯერობით არ არის. იგი პასუხისმგებაში არ არის მიცემული, როცა დამნაშავეა. მე თედომ დამირეკა და მითხრა, რომ მან პროკურატურაში მოაგვარა საქმე. ეს არის მისი ერთ-ერთი ახლობელი პროკურორის, გაბიტაშვილის დამსახურება, რომ ის საქმე შემოდებულია თაროზე", - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება მუქარას, ადვოკატის მტკიცებით, მას მუქარისშემცველ სმს-ებს უგზავნიან, რაც შენახული აქვს და რაც გამომძიებელს ანახა.