ანკარა სირიაში მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებას აკრიტიკებს. როგორც euronews.ge წერს, შესაბამისი განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა რეგიონალურ ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
"შერიგების შესახებ შეთანხმება სირიაში მიმართულია დამასკოს მთავრობის მხარდასაჭერად," – განაცხადა ერდოღანმა.
მისივე განმარტებით, თურქეთი მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რომელიც "სირიელ ძმებს ყოფას გაუმარტივებდა", მაგრამ აღელვებთ ის, რომ "მიღწეული სამშვიდობო შეთანხმებით ასადის რეჟიმი, რომელიც 500 000-მდე ადამინის სიკვდილზეა პასუხისმგებელი და ძალები, რომლებიც მის უკან დგას, ღია მხარდაჭერას იღებენ მაშინ, როდესაც დამოკიდებულება ოპოზიციასთან კვლავ გაურკვეველია".
შეგახსენებთ, რომ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში 27 თებერვალს შევა. შეთანხმების პირობები კონფლიქტის ყველა მხარეზე ვრცელდება, გარდა ტერორისტული დაჯგუფებებისა.