ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი მიიჩნევს, რომ საქართველოში ხელისუფლება მედიაზე ზეწოლას არ ახდენს. ამის შესახებ იან კელიმ გაზეთ "რეზონანსთან" ინტერვიუში იმ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც "რუსთავი 2"-სა და "მაესტროს" გარშემო მიმდინარე მოვლენებს შეეხებოდა.
მისი თქმით, მედიის როლი განსაკუთრებულია დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობაში და საარჩევნო პერიოდში მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება.
"ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ მიიღოს ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაცია იმ პოლიტიკური ძალებისა და ინდივიდუალური პოლიტიკოსების შესახებ, ვის მიმართაც გარკვეული პოზიცია უნდა გამოხატოს არჩევნებზე, მედიამ კი ყველაფერი უნდა გააკეთოს საიმისოდ, რომ შეინარჩუნოს დაბალანსებული და დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა. "რუსთავი 2"-ის შემთხვევაში იყო საფრთხე, რომ ეს პრინციპი დარღვეულიყო, რადგანაც ტელეკომპანიაში მენეჯმენტის ცვლილებას შესაძლოა ზეგავლენა მოეხდინა, მისი, როგორც ოპოზიციური არხის სარედაქციო პოლიტიკაზე. ამიტომაც მაშინ არაერთხელ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია და შეშფოთება ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება მედიაზე ზეწოლას, არ ვთვლით, რომ ხელისუფლება ამითაა დაკავებული", - განაცხადა იან კელიმ.
მისი თქმით, არსებობს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნა, რომ მედია საქართველოში საკმაოდ თავისუფალია. "თუმცა, რაღა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი და ამ მიმართულებით წინ კიდევ ბევრი შრომა გველის", - განაცხადა იან კელიმ.
ამერიკელი დიპლომატის განმარტებით, აშშ-ის მთავრობა ახორციელებს შესაბამის პროექტებს, რათა დაეხმაროს ქართველ ჟურნალისტებს პროფესიონალიზმის ამაღლებასა და საერთაშორისო სტანდარტების მიღწევაში.
მისივე თქმით, არსებობს სპეციალური პროგრამები, რომლებიც ითვალისწინებს მედიის წარმომადგენლების სხვა საწვრთნელ კურსებში მონაწილეობას და პრაქტიკის გავლას აშშ-ის წამყვან მედიასაშუალებებში.