ტყიბულის მაღაროში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცალსახად არის შრომითი დავა, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, როდესაც პრემიერის კითხვას გამოეხმაურა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაინტერესდა ტყიბულში მაღაროელების გაფიცვის საკითხით და ინფორმაციის მიწოდება მთავრობის სხდომაზე ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებს სთხოვა.
როგორც სერგეენკომ აღნიშნა, მისი უწყება ამ შრომით დავაში პირველივე დღიდან არის ჩართული.
"ტყიბულის მაღაროში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცალსახად არის შრომითი დავა. ეს არ არის კავშირში რაიმე სხვა პროცესებთან. ჯანდაცვის სამინისტრო პირველი დღეებიდან არის ჩართული ამ შრომით დავაში. ეს კანონით მონიჭებული მოვალეობაა. ჩვენი მიმდინარე ანალიზით, მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკება მარტივად არ მიმდინარეობს, ის მაინც რჩება შრომითი დავის ფარგლებში. მე ვფიქრობ, უახლოესი დღეები გვაჩვენებს პროგრესს, როდესაც მოლაპარაკების და ჩვენის მხრიდან მედიაციის გზით შესაძლებელი იქნება ყველა საკვანძო საკითხის დარეგულირება", - განაცხადა სერგეენკომ.