კომპანია "ზიმო", რომელიც ციხისძირიდან ხეების გადარგვის სამუშაოებს აწარმოებს, "ნაციონალურ მოძაობას" მოუწოდებს, კარვებისგან გზა გაათავისუფლოს. პარტიის წევრებს ორი კარავი იმ მონაკვეთზე აქვთ გაშლილი, რომლის გავლითაც კომპანიამ ხეები ზღვამდე უნდა მიიტანოს.
როგორც "ზიმოს" ინჟინერი ირაკლი შანავა აცხადებს, იმ შემთხვევაში თუ ხვალ კარვები არ იქნება დაშლილი, "შესაბამისი ორგანოები უზრუნველყოფენ გზის გათავისუფლებას".
მისივე განმარტებით, კომპანიას ყველა საჭირო დოკუმენტი გააჩნია ხეების გადარგვის სამუშაოებისთვის.
"დღესაც გავაფრთხილეთ, რომ ხვალ ეს გზა დაგვჭირდება. უნდა მოვიდეს სპეცტექნიკა და ხის გადასატანად საჭირო მასალებიც მოვიტანოთ. ყველა საჭირო საბუთი გვაქვს და თუ კარვებს არ დაშლიან, შესაბამისი ორგანოები გაათავისუფლებენ გზას", - აღნიშნა ირაკლი შანავამ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნოდარ დუმბაძე აცხადებს, ისინი უკანონო სამუშაოების განხორციელებას ხელს შეუშლიან.
"ნამდვილად არ ვაპირებთ კარვების დაშლას და იმ უკანონობის ხელშეწყობას, რასაც კომპანია "ზიმო" აკეთებს. სანამ ყველა საბუთს არ წარმოადგენენ, ჩვენ გავაგრძელებთ პროტესტს", - აღნიშნა ნოდარ დუმბაძემ.
პარტიის წევრებმა ციხისძირში კარვები 8 თებერვალს გაშალეს. კომპანია "ზიმო" ხის გადარგვის სამუშაოებს აგრძელებს. მათ ტიტას ხის გარშემო მიწა უკვე გაათავისუფლეს.