თბილისის მერიის მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ოთხი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება გაერთიანდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მერის თქმით, მერიის სისტემაში ოპტიმიზაციის პროცესი გრძელდება.
"თბილისის მერიაში სტრუქტურული ოპტიმიზაციის საკითხები გულისხმობს ცალკეული სამსახურების შერწყმას. ოთხი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც მუნიციპალურ საკუთრებაში იყო, გაერთიანდა; "თბილსერვისს ჯგუფს" შეერწყა "უძრავი ქონება – თბილისი", "თბილისის პარკები" და "სინათლის ქალაქი", ასევე "მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის" უფლებამოსილება გადავიდა ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურში. პროცესი მიმდინარეობს იმისთვის, რომ საზოგადოებას დროული და სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ. ვავალებ ჩემს მოადგილეებს, რომ უახლოეს დღეებში, გეგმა, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომელზეც აქტიურად ვმუშაობთ, გავაცნოთ საზოგადოებას გავაკეთოთ მისი განხილვა და წარვუდგინოთ როგორც დედაქალაქის საკრებულოს, ისე მასმედიის საშუალებებს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე განმარტებით, პროცესი წარიმართება მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ღიად, რათა მომავალში აღნიშნული საკითხი ჩვენი ოპონენტების მხრიდან არ იქცეს სხვადასხვა სახის სპეკულაციის საგნად და საზოგადოება არ იქნეს შეცდომაში შეყვანილი.