საკონსტიტუციო სასამართლოში "რუსთავი 2"-ის საქმეზე არსებითი განხილვა მიმდინარეობს. პირველი კოლეგიის მოსამართლეებმა ჯერ მოსარჩელე და მოპასუხე მხარეების პოზიციები მოისმინეს, შემდეგ კი მხარეებს შეკითხვები დაუსვეს.
სამსაათიანი მოსმენის შემდეგ შესვენება გამოცხადაა, რის შემდეგაც სასამართლო პროცესი განახლა. ამჯერად, "რუსთავი 2"-ის ადვოკატი და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი ერთმანეთს უსვამენ კითხვებს.
როგორც მოსარჩელე მხარის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, სადავო ნორმა არ არის განჭვრეტადი და მხარეს არ შეუძლია წინასწარ გაიგოს რას მოითხოვს კანონმდებელი მისგან. პარლამენტის წარმომადგენლის თამარ მესხიას განმარტებით, პარლამენტს მიაჩნია, რომ სადავოდ გახდილი ნორმები არის კონსტიტუციური და ნორმების გაუქმება წარმოშობს პრობლემებს კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში. მისივე თქმით, საერთო სასამართლო მედიასაშუალებებთან მიმართებით უნდა იყოს ფრთხილი.
აღნიშნულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის ორი საკითხი, ერთი შეეხება დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმას, ხოლო მეორე დროებითი მმართველის დანიშვნას. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ განმწესრიგებელი სხდომის მიმდინარეობისას ორივე ნორმა შეაჩერა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე