"მრეწველების" ერთ-ერთი ლიდერი გოგი თოფაძე ”იმ შემთხვევაში, თუკი ჟურნალისტები თავს არ დაანებებენ”, პოლიციის გამოძახებით იმუქრება.
ჟურნალისტებმა გოგი თოფაძეს დავით ბერძენიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება სთხოვეს, თუმცა თოფაძემ მედიის წარმომადგენლებს ასე მიმართა: "გახვალთ ახლა, თუ პოლიციას გამოვუძახო?".
"რესპუბლიკელი" დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდის წევრმა, გოგი თოფაძემ დეპუტატის მანდატის დატოვების თაობაზე მისი დანაპირები უნდა შეასრულოს.
როგორც ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თოფაძე თავისი განცხადებებით კოალიციას და თვითონ უმრავლესობას დისკომფორტს უქმნის.
მმართველი გუნდის აღნიშნულ ორ წევრს – დავით ბერძენიშვილსა და გოგი თოფაძეს შორის გუშინ, პარლამენტის სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა, რომელიც თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის მისამართით თოფაძის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებას უკავშირდებოდა.