მაკა ასათიანის ადვოკატი ბაია გადაბაძის სარჩელზე განმარტებას აკეთებს

მაკა ასათიანის ადვოკატი ბაია გადაბაძის სარჩელზე განმარტებას აკეთებს

"მაესტროს" პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით ბაია გადაბაძის სარჩელზე მაკა ასათიანის ადვოკატი განმარტებას აკეთებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გიორგი გვენეტაძემ განუმარტა, სასამართლომ ბაია გადაბაძის აღნიშნული სარჩელი წარმოებაში მიიღო, თუმცა კრების ოქმის მოქმედების შეჩერება ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნია. საბოლოოდ კი სარჩელის განხილვისთვის ადვოკატის განმარტებით, სასამართლოს ხუთთვიანი ვადა გააჩნია.

"მე არ ვარ ბაია გადაბაძის წარმომადგენელი, თუმცა მაქვს ინფორმაცია, რომ მან შეიტანა სარჩელი იმ ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით, რითაც ის გადააყენეს თანამდებობიდან და აირჩიეს ახალი დირექტორი. ამავდროულად სასარჩელო მოთხოვნაა ოქმის მოქმედების შეჩერება. სასამართლომ წარმოებაში მიიღო სარჩელი, თუმცა ამ ეტაპზე არ მიიჩნია მიზანშეწონილად ამ ოქმის მოქმედების შეჩერება დავის დასრულებამდე და ჩვეულებრივ გაგრძელდება სასამართლო პროცესები. ოქმის ბათილად ცნობის საკითხს რაც შეეხება, პირველი ინსტანციის სასამართლოს აქვს 5 თვემდე ვადა ამ საქმის განსახილველად, თუმცა რა ვადა დასჭირდება ეს უკვე კონკრეტული დავის მიმდინარეობაზეა დამოკიდებული, - განაცხადა ადვოკატმა.

"ინტერპრესნიუსის" შეკითხვაზე ჰქონდა თუ არა მაკა ასათიანს კომუნიკაცია ძმებ გაჩეჩილაძეებთან, ადვოკატმა აღნიშნა, რომ მაკა ასათიანმა ამის სურვილი აეროპორტში ჩამოსვლისთანავე გამოთქვა, თუმცა საპირისპირო სურვილი ჯერჯერობით არ გამოხატულა.