პირდაპირ გეტყვით, რომ დღეს იმაზე ცუდი, რაც წლების განმავლობაში სასამართლოში ხდებოდა არ ხდება - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, კახა სოფრომაძემ, ჟურნალისტებთან სასამართლოში მიმდინარე პროცესების თემის კომენტირებისას განუცხადა.
სოფრომაძის თქმით, სასამართლოს ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი არა მარტო სასამართლო სისტემისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის არის ცუდი.
"არა მარტო სასამართლო სისტემისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის არის ცუდი, რომ არ ცხრება სასამართლოს ირგვლივ აჟიოტაჟი. პირდაპირ გეტყვით, რომ არ ხდება იმაზე ცუდი, რაც წლების განმავლობაში სასამართლოში ხდებოდა. ჩვეულებრივ ფარგლებში მიდის პროცესები.
არის გარკვეული პრობლემები, როგორც ყოველთვის ნებისმიერ სფეროში. ცუდია რომ ეს აჟიოტაჟი გამოწვეულია რაღაც თემების გამო მაგრამ ალბათ ყველაზე მთავარი იქნება, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს", - განაცხადა კახა სოფრომაძემ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტურ გამოცდაზე, ტესტებისა და წერითი კაზუსების წინასწარ გამჟღავნებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს თემა საბჭოს წევრებისთვის უცხო არ არის.
ამასთან, კახა სოფრომაძის ინფორმაციით, საკითხი მოკვლევისა და ძიების ეტაპზეა და დასრულების შემდეგ რეაგირებას შესაბამისი უწყებები მოახდენენ.
"გამოცდების თემას რაც შეეხება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება, რომ ამ თემასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარეობს მოკვლევა და გარკვეული შედეგების დადების შემდეგ შესაძლოა სხვა რეაგირება მიეცეს საქმეს. ეს თემა არ არის ჩვენთვის უცხო, თუმცა გამომდინარე იქიდან რომ ქვეყანაში უდანაშაულობის პრეზუმფცია არსებობს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოქმედებდა და იკვლევდა საკითხს და წინასწარ განცხადებას ვერ გააკეთებდა. ალბათ იმ კვირაში ეს საკითხი მთლიანად გამოკვლეული იქნება, დაისმება საბჭოზე შესაბამისი მტკიცებულებების განხილვის საკითხი და ამის შეემდეგ საბჭო მოახდენს შესაბამის რეაგირებას", - განაცხადა კახა სფრომაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა 2 თებერვალს განცხადება გააკეთა, რომ, არსებობს ფაქტი, როცა მოსამართლეთა გამოცდაში მონაწილე კონკურსანტისა და ტესტის ავტორის პასუხი ერთ-ერთში იდენტურია. სწორედ ეს აძლევს ახვლედიანს იმ ეჭვი გამოთქმის საფუძველს, რომ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტურ გამოცდაზე, ტესტებისა და წერითი კაზუსების წინასწარ გამჟღავნებას ჰქონდა ადგილი.