აშშ-ის 2017 წლის ბიუჯეტში 4,3 მილიარდი დოლარი რუსეთის აგრესიასთან ბრძოლისთვის იქნება გამოყოფილი. კერძოდ, ვაშინგტონი ნატო-ს წევრი და მოკავშირე ქვეყნებისთვის გეგმავს ფინანსურ დახმარებას.
როგორც თეთრი სახლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული, აქცენტი გაკეთდება უკრაინაზე, საქართველოსა და მოლდოვაზე.
"რუსეთის ფედერაციის მიერ მეზობელი ქვეყნების საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე გავლენის მიზნით გაზრდილი მცდელობების საპასუხოდ, ბიუჯეტი ითვალისწინებს 4,3 მილიარდ დოლარს ევროპაში, ევრაზიასა და ცენტრალურ აზიაში მდებარე ნატო-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებში რუსეთის აგრესიის გავლენის შესამცირებად პოლიტიკური, ეკონომიკური, საჯარო დიპლომატიის და სამხედრო მხარდაჭერისთვის", - აღნიშნულია აშშ-ის 2017 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებულ დოკუმენტში.
მასში ასევე ნათქვამია, რომ აღნიშნული ფინანსური დახმარება მიმართულია იმისკენ, რომ გაიზარდოს იმ მთავრობების და ეკონომიკების მოქნილობა, რომლებიც ყველაზე მეტად არიან რუსული აგრესიის სამიზნე.
"უცხოური მხარდაჭერა დაეხმარებათ მათ გააუმჯობესონ დემოკრატია და მმართველობა, გაზარდონ თავდაცვისუნარიანობა, გააძლიერონ კანონის უზენაესობა და ანტიკორუფციული ზომები, ხელი შეუწყონ ევროინტეგრაციას, ვაჭრობის სფეროს დივერსიფიკაციასა და ენერგოუსაფრთხოებას. ეს მოიცავს რუსულ აგრესიასთან გასამკლავებლად რეგიონის, განსაკუთრებით კი უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას შესაძლებლობების გაძლიერებას", - განმარტებულია დოკუმენტში.
გარდა ამისა, ბიუჯეტის პროექტში აღნიშნულია, რომ აშშ გააგრძელებს ინვესტიციების ჩადებას საერთაშორისო მედიის, პრესის თავისუფლებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის მხარდასაჭერად.