საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, კახა სოფრომაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის მიმართ დისციპლინური დევნა არ არის დაწყებული.
როგორც უმაღლესი საბჭოს წევრმა, კახა სოფრომაძემ განმარტა, მას აქვს ინფორმაცია, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შესულია მიმართვა სავარაუდო დარღვევის შესახებ, თუმცა რას უკავშირდება მამუკა ახვლედიანის მხრიდან სავარაუდო დარღვევა, არ იცის. ამასთან, სოფრომაძის თქმით, ამ პროცედურებში აჟიოტაჟის საფუძველს ვერ ხედავს, რადგანაც ხშირია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მსგავსი მიმართვები მოსამართლეებზე.
ამასთან, კახა სოფრომაძის თქმით, მან არ იცის, თუ ვინ შეიტანა შესაბამისი მიმართვა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.
"არანაირი დისციპლინური დევნა ჯერჯერობით მამუკა ახვლედიანთან მიმართებაში დაწყებული არ არის. არსებობს პროცედურები. ამ ეტაპზე არის შესაბამისი მიმართვა იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე, რომ სავარაუდო დარღვევას აქვს ადგილი. იუსტიციის საბჭოს უმაღლესი მდივანი იკვლევს, არის თუ არა ეს დარღვევა და გარკვეული დროის შემდეგ ის უნდა გამოვიდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე და იუსტიციის საბჭომ უნდა გადაწყვიტოს მიემართოს თუ არა დისციპლინურ კოლეგიას", - განაცხადა კახა სოფრომაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის წინააღმდეგ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დისციპლინური დევნა დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო "აიპრესი" მამუკა ახვლედიანზე დაყრდნობით ავრცელებს. ახვლედიანი აცხადებს, რომ ამის მიზეზი მის მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები გახდა.