მაკა ასათიანი სასამართლოს მიმართავს

მაკა ასათიანი სასამართლოს მიმართავს

საქალაქო სასამართლოს მაკა ასათიანიც მიმართავს. როგორც ჟურნალისტებს ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ განუცხადა, მაკა ასათიანი სასამართლოს მიმართავს თხოვნით, რომ ბათილად იქნეს ცნობილი ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლითაც ებრალიძისგან და ჩიკვაიძისგან გაჩეჩილაძეზე ტელეკომპანიის 55 %-იანი წილი გადაფორმდა. ადვოკატის განცხადებით, ეს არის თვალთმაქცური გარიგება და რეალურად წილი შეიძინა ირაკლი რუხაძემ. 

"ამასთან ერთად ეს ხელშეკრულება არის კანონსაწინააღმდეგო, რადგან დარღვეულია კანონის რიგი ნორმები, მათ შორის კონკურენციის შესახებ კანონი", - განაცხადა გიორგი გვენეტაძემ. 

მისივე თქმით, დღესვე სასამართლოს მიმართავს თხოვნით შეაჩეროს ხელშეკრულებების მოქმედება და გაჩეჩილაძეს შეუჩერდეს პარტნიორის უფლებები. ადვოკატის ინფორმაციით, აღნიშნულზე გადაწყვეტილება სასამართლომ 24-საათიან ვადაში უნდა მიიღოს. 

რაც შეეხება სარჩელს, გიორგი გვენეტაძის ინფორმაციით, მას გააჩნია დამატებითი მტკიცებულებები გარდა გუშინ გასაჯაროვებული დოკუმენტებისა. მისი თქმით, ახალი მტკიცებულებები ჯერჯერობით კონფიდენციალურია.