ბაია გადაბაძე -

ბაია გადაბაძე - "მაესტროს" დავალიანების დასაფარად ირაკლი რუხაძემ გაჩეჩილაძეებს პროცენტით კიდევ 4 მილიონი უნდა ასესხოს

"მაესტროს" 54 მილიონი აქვს დავალიანება და 50 მილიონი საკმარისი არ არის, ირაკლი რუხაძემ პროცენტით კიდევ 4 მილიონი უნდა ასესხოს გაჩეჩილაძეებს, - ამის შესახებ ბაია გადაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი თქმით, "მაესტროს" ირგვლივ განვითარებული მოვლენებით იკვეთება ირაკლი რუხაძის ინტერესი ტელეკომპანიის ხელში ჩასაგდებად. 
"როცა ამას ფარულად აკეთებ, ეს არის გაუგებარი. მთავარია თქვა, რა პოზიციაზე ხარ და ოლიმპოდან არ გველაპარაკო, შორიდან ჩაწოდებულ "პასებს" ვერ მივიღებთ. ამას ვეტყვი გაჩეჩილაძეებსაც და ირაკლი რუხაძესაც", - განაცხადა ბაია გადაბაძემ. მისივე ინფორმაციით, ტელეკომპანია "მაესტროში" ერთ-ერთი მეწილე მაკა ასათიანი დღეს მივა. 

ბაია გადაბაძე იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლო დღეს განიხილავს მის სარჩელს, რომელიც ლევან გაჩეჩილაძის დირექტორად არჩევის გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით შევა. 

"თუკი სასამართლოს არ სურს სიტუაციის ესკალაციაში შესვლა, გაითვალისწინებს იმას, რასაც ვამბობ და დღესვე მიიღებს გადაწყვეტილებას, რადგან ხვალ შეიძლება გვიანი იყოს", - განაცხადა ბაია გადაბაძემ. 

მისთვის გაუგებარია "მაესტროს" ერთ-ერთი ყოფილი პარტნიორის გიორგი ებრალიძის განცხადებები, რომელიც 50-მილიოანიან დავალიანებაზე გაკვირვებას გამოთქვამს. ბაია გადაბაძის თქმით, როდესაც ებრალიძე ტელეკომპანიის პარტნიორი იყო, დავალიანების შესახებ ინფორმაცია მაშინ უნდა მოეკითხა და არა ახლა, როდესაც წილი გაყიდა.