გია ვოლსკი - კონსტიტუციაში განისაზღვრება, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა

გია ვოლსკი - კონსტიტუციაში განისაზღვრება, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, გია ვოლსკის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში განისაზღვრება, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, აღნიშნული საკონსტიტუციო ნორმა იქნება თუ არა ცალსახა უარყოფა ერთსქესიანთა ქორწინების, ვოლსკიმ განაცხადა, რომ "დიახ". 

"ბოლო პერიოდში გაკეთდა განცხადებები, რომ უნდა მოხდეს ინიცირება საკონსტიტუციო ცვლილების, რომ ოჯახი წარმოადგენს ქალის და მამაკაცის ერთობას და ზუსტად ის ფორმულირება, რომელიც არსებობს სამოქალაქო კოდექსში, გადატანილ იქნას საკონსტიტუციო ნორმად. ჩვენ ამის თაობაზე შარშან დავიწყეთ საუბარი. დღეს მზად გვაქვს {პროექტი} ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში. გუშინ გვიანობამდე რაღაც დეტალებს ვამუშავებდით. გარკვეული კონსულტაციები მიმდინარეობს კოალიციაში. ყველას ვთხოვთ, რომ თავი შეიკავონ ზედმეტი რადიკალიზმისგან, ზედმეტი განცხადებებისა და გამწვავებისგან ამ თემის. ამას ჭირდება საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა და დღეს თუ ხვალ ნახავს დღის სინათლეს. ბევრი ევროპული ქვეყანა სწორედაც რომ ასეთი სტანდარტით სარგებლობს, რომელსაც ჩვენ შემოგთავაზებთ. არსებობს ქვეყნები, სადაც არ არსებობს ერთსქესიანთა ქორწინება, მაგრამ არსებობს რაღაც ფორმა ურთიერთობის, რომელიც საკუთრების თემაზეა ორიენტირებული და არსებობს ზოგ ქვეყანაში დაშვებულობაც და ამისგან არავინ ქმნის დაძაბულობას", - განაცხადა ვოლსკიმ. 

მისივე თქმით, ეს თემა არ უკავშირდება მხოლოდ ტრადიციას და მსგავსებას ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანასთან. 

"პატარა საქართველოს, რომელსაც უამრავი გამოწვევა აქვს, წინ გინდა ჩრდილოეთიდან, გინდა სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან, ვალდებულია იფიქროს იმ ტრადიციაზე, რაც გააჩნია და რითაც დღემდე მოვიდა, იფიქროს იმ ურთიერთობაზე და ტოლერანტობაზე, რაც გაგვაჩნია ნებისმიერი სახის უმცირესობასთან. არ ვგულისხმობ ეროვნულ უმცირესობას, რადგან ეს გაცილებით უფრო სხვა კატეგორიაა", - განაცხადა ვოლსკიმ. 

მისივე თქმით, კონსტიტუციაში უკვე წერია ქალისა და ბავშვის უფლებების დაცვის შესახებ იმ კონტექსტში, რასაც ოჯახი ჰქვია და ხდება ამ ნორმის უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბება. 

"კონსტიტუციაში მეუღლეები არის აღნიშნული, მაგრამ ამ აღნიშვნასთან ერთად მითითებულია ქალისა და ბავშვის უფლებები. ეს ნორმა უფრო მკაფიო უნდა გავხადოთ და არა რაღაც ახალი შემოვიტანოთ. ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება ქვეყნისთვის, რომელსაც გარკვეული ტრადიცია გააჩნია, გარკვეული ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა გააჩნია. ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ არჩევნებამდე გამოვიდა პოზიციით, რომ ის ტრადიცია, ის კულტურული და ეროვნული მემკვიდრეობა იქნება ამოსავალი წერტილი ჩვენი მომავალი პოლიტიკური საქმიანობისა და სწორია ეს თემა", - აღნიშნა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა.