არ მიმაჩნია, რომ პროპორციული სისტემა სჯობს მაჟოროტარულს

არ მიმაჩნია, რომ პროპორციული სისტემა სჯობს მაჟოროტარულს

არ მიმაჩნია, რომ პროპორციული სისტემა სჯობს მაჟოროტარულს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ განაცხადა.

საყვარელიძის იმედოვნებს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ისიც აბრკოლებს, რომ ამ სისტემის ცალსახა უპირატესობაში შიგადაშიგ ეჭვი ჩნდება.

"არც საერთო და არც რეგიონალურ-პროპორციული სიით არ იცვლება მთავარი - ამ სისტემით გასული დეპუტატი პიროვნულად იმის მადლიერია, ვინც სიაში შეიყვანა, ხოლო მაჟორიტარული სისტემით გასული დეპუტატი საკუთარი თავის და იმ ხალხის მადლიერია, ვინც ხმა მისცა. მაჟორიტარი ამომრჩეველზეა ორიენტირებული და არა პარტიულ ლიდერზე, ამიტომ პარლამენტშიც უფრო დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას. პროპორციული სისტემა პარტიების გაძლიერებას უწყობს ხელს, მაგრამ ეს ყოველთვის კარგი არ არის კანონშემოქმედებისთვის. ჩვენთან მიიჩნევენ, რომ მაჟორიტარები პასიურები არიან, ხელისუფლებას ემხრობიან და პროპორციულ სისტემაზე უნდა გადავიდეთო, მაგრამ გვავიწყდება, ან ძალით ვივიწყებთ, რომ იგივე ითქმის პარტიებზეც. ისიც შეიძლება გავიხსენოთ, რომ როცა ხელისუფლებამ მოისურვა, სატელიტი პარტიები გაიჩინა და პროპორციულმა სისტემამ ამგვარი სახელისუფლო პარტიებისგან ვერ დაგვიცვა", - განაცხადა საყვარელიძემ.

მისივე თქმით, პროპორციული სისტემის გაიდეალება ცოტა გაზვიადებულია და ეს სისტემა არსებითად გაუმჯობესებულ პარლამენტამდე ვერ მიგვიყვანს, მაგრამ მიგვიყვანს უფრო გაძლიერებულ პარტიებამდე.

"რადგან საარჩევნო სისტემას პარტიები ირჩევენ, ალბათ, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ვერ აგვცდება, მაგრამ... იქნებ, მაინც, უფრო ხშირად ვიმსჯელოთ ამ სისტემის ავ-კარგზე და უკრიტიკო სტერეოტიპად ნუ გადავაქცევთ მის უპირატესობას", - აცხადებს პოლიტოლოგი.

ამასთან, რამაზ საყვარელიძის თქმით, ძალიან გაუკვირდება, მმართველმა კოლიციამ ახლა რომ შეიტანოს არსებითი ცვლილებები იმ წესში, რომლითაც აპირებს ჩაატაროს 2016 წლის არჩევნები, ვინაიდან მხოლოდ პროპორციული წესით არჩევნების ჩატარება ოპოზიციას უზრდის შანსს, ცოტა მეტი დეპუტატი გაიყვანოს.

"არარეალურია, რომ დათმოს კოალიციამ თავისი ინტერესი დღეს, როცა მას რეიტინგის დეფიციტი აქვს. სახელისუფლო პარტიისთვის ამ მოწოდებით მიმართვა ნიშნავს იმის თქმას, რომ საპარლამენტო სავარძლებიდან ააყენე შენი მომხრეები და შენი ოპონენტები დასვიო", - განაცხადა საყვარელიძემ.