შურუბუმუში რეკრეაციული ზონის განვითარება იწყება

შურუბუმუში რეკრეაციული ზონის განვითარება იწყება

CENN-ისა და ჩხოროწყუს გამგეობის ინიციატივით, შურუბუმუში რეკრეაციული ზონის განვითარება იწყება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" CENN-დან აცნობეს, შურუბუმუ ახალ ტურისტულ სეზონს ახალი ინფრასტრუქტურით – მაგიდებით, სკამებითა და ვიზიტორთა სახლით შეხვდება.

მათივე ინფორმაციით, ტურისტებისთვის კომფორტული პირობების შექმნისა და ადგილობრივი შემოსავლების გაზრდასთან ერთად, აქტივობის მიზანი ტყეების მდგრადი მართვის ხელშეწყობაა.

"ორგანიზაცია CENN-ის ინიციატივით, ჯერ კიდევ შარშან, კახეთში, მდინარე სტორის ხეობაში, სვიანას სარეკრეაციო ზონაში დაიდგა სპეციალური ბანერები და ნაგვის ურნები დამონტაჟდა, ასევე მთლიანად გაიწმინდა ეს ზონა და ამან სვიანას განსაკუთრებული ფუნქცია შესძინა. თუმცა, მეტად პრობლემური საკითხი იყო რეკრეაციული ზონიდან ნარჩენების გატანა. იმის გამო, რომ სვიანას ბევრი ვიზიტორი სტუმრობდა, ნარჩენებიც შესაბამისად ბევრი იყო და მისი გატანა დიდ პრობლემას წარმოადენდა. ნარჩენები პერიოდულად ხან CENN-ს გაჰქონდა და ხან – თელავის მუნიციპალიტეტს. თუმცა, ნარჩენების დიდი მოცულობა მაინც რთულად გასატანი იყო. ამჯერად გადაწყდა, რომ რეკრეაციულ ზონაზე მოვლა-პატრონობას ფშაველის ქალთა საბჭო აიღებს და შესაბამისად, ნარჩენების პრობლემაც მოგვარდება.

სასიხარულოა, რომ კახეთის კარგი მაგალითი სამაგრელოში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტშიც გავრცელდა. მუნიციპალიტეტის გამგეობამ შურუბუმუს მღვიმის მახლობლად რეკრეაციული ინფრასტრუქტურა მოაწყო და ვიზიტორებისთვის ოდა სახლიც ჩადგა. ასევე დამონტაჟდა სპეციალური ბანერები. პროექტის განხორციელებაში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და შინაგან საქმეთა სამინისტროები მონაწილეობდნენ", - აცხადებენ CENN-ის პრესსამსახურში.

CENN-ში მიიჩნევენ, ტყეებს საქართველოში უზარმაზარი რეკრეაციული პოტენციალი აქვს და ამ მიმართულებით განვითარებას სტრატეგიული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს.

"შურუბუმუს მარშრუტი სოფელ მუხურში იწყება, მდინარე ხობისწყლის ხეობით მიემართება ტობავარჩხილის ტბისკენ, გზად შურუბუმუს მღვიმეს, მინერალურ წყალ ლუგელას, გვალაშარას, ღუნჯის ჩანჩქერებს და ცაშკიბულის ტობავარჩხილის ტბას გაივლის, ტბიდან მდინარე მაგანას ხეობით კირნახონამდე გრძელდება, საიდანაც მდინარე ჭანისწყლის ხეობის გავლით კურორტ სქურში სრულდება. პროექტი კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ ხორციელდება და მისი მხარდამჭერია ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC)", - განმარტავენ CENN-ში.