ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, ფატუ ბენსუდას განცხადებებს "ორმაგი სტანდარტების ნათელ მაგალითად" აფასებს.
როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, შესაბამისი განცხადება თიბილოვმა ე.წ. ძალოვანი უწყებების ე.წ. ხელმძღვანელებთან გამართულ თათბირზე გააკეთა.
"საოცარია, მთელმა მსოფლიომ იცის, რომ 2008 წლის აგვისტოში სწორედ საქართველო დაესხა სამხრეთ ოსეთს, მშვიდ ქალაქ, ბავშვებსა და ქალებს. დღეს კი, ბენსუდას განცხადებებში აშკარად ვხედავთ ორმაგ სტანდარტებსა და მიდგომებს", - განაცხადა თიბილოვმა.
მისი თქმით, ბენსუდას განცხადება, რომ ომის დროს დაიღუპნენ ქართველი მშვიდობისმყოფელები, "აბსურდია".
"სწორედ ქართულმა სამშვიდობო ბატალიონმა, რომელსაც მშვიდობის უზრუნველყოფა ევალებოდა და სამმხრივ ფორმატში მუშაობდა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ოპერაციის დაწყებამდე დისლოკაციის ადგილი დატოვა", - განაცხადა თიბილოვმა.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის მოსაზრებით, ომის დროს სინამდვილეში რუსი მშვიდობისმყოფელები დაიღუპნენ.
"მე, როგორც სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ვაცხადებ, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ეთნიკური წმენდა არ მომხდარა. ცხინვალის რაიონის ქართული მოსახლეობა წინასწარ გაიყვანეს საქართველოში. მათ იცოდნენ, რომ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი იქნება და სოფლების დატოვებისას, თავად ანადგურებდნენ და წვავდნენ საკუთარ სახლებს", - განაცხადა თიბილოვმა.
მისივე თქმით, "ხელისუფლებას" არა აქვს მოლოდინი, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დასკვნები ობიექტური იქნება.