ასწლოვანი ხეების გადარგვის საპროტესტოდ დღეს მორიგი აქცია გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" " "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა გელა დეკანაძემ განუცხადა, ყოფილი სანერგე მეურნეობის ტერიტორიისთვის რეკრეაციული ზონის სტატუსის მინიჭებისა და მასზე ნებისმიერი სახის მშენებლობის აკრძალვის მოთხოვნით დღეს არასამთავრობოებთან ერთად აჭარის მთავრობის სახლთან შეიკრიბებიან.
"სიმბოლურად, მთავრობის სახლთან მივიტანთ ფურცლებზე ამობეჭდილ თხოვნას "არ გადამრგო", რომელსაც ჩამოვკიდებთ ხეებზე. გვინდა ჩვენი აქციით მოსახლეობის და ხელისუფლების ყურადღება მივიპყროთ", - განაცხადა გელა დეკანაძემ.
მისივე განმარტებით, ასწლოვანი ხეების გადარგვის საპროტესტოდ 24-საათიანი მორიგეობა გრძელდება ციხისძირში, ყოფილი სანერგე მეურნეობის ტერიტორიასთან. იქ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და მხარდამჭერებს კარვები აქვთ გაშლილი, სადაც ღამეს ათევენ.
როგორც ცნობილია, ასწლოვანი ხეები ყოფილი სანერგე მეურნეობის ტერიტორიიდან ბიძინა ივანიშვილის ურეკის რეზიდენციაში გადააქვთ.