საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის, რომან გოცირიძის შეფასებით, მთავრობამ ანაკლიის პორტის მშენებელ კომპანიასთან დაკავშირებით, მიიღო სწორი გადაწყვეტილება.
მისი თქმით, კონკურენტი ჩინელების შეცდომა ის იყო, რომ საეჭვო წარსულის, აფიორისათვის რუსეთში სასჯელმოხდილ ქართველ "ბიზნესმენს" შეეკრა.
,,სწორი გადაწყვეტილება მიიღო მთავრობამ, რომ ანაკლიის პორტს ეს კონსორციუმი ააშენებს. კონკურენტი ჩინელების შეცდომა ის იყო, რომ საეჭვო წარსულის, აფიორისათვის რუსეთში სასჯელმოხდილ ქართველ "ბიზნესმენს" შეეკრა. ამან კიდევ იმით მოხიბლა თურმე, რომ ანაკლიის მთელი ტერიტორია მისი ყოფილა ოდესღაც და "სამართლიანობის აღდგენის" შემდეგ დაუბრუნდებოდა და კაპიტალშიც ჩადებდა შევარდნაძის პერიოდში თაღლითურდ მისაკუთრებულ მიწებს. ამასობაში სომხეთის მთავრობის გაბრიყვებაც მოასწრო და წინასწარ კონტრაქტს მოაწერა ხელი სომხეთში უზარმაზარი თბოელექტროსადგურის აშენების შესახებ, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, ელექტროენერგიას მიაწვდიდა ანაკლიის პორტს.
ახლა დაიწყებს ჩივილს, დამჩაგრესო. ისე, ცნობისათვის, რუსეთში დღემდე ვერ ჩადის”, - აცხადებს რომან გოცირიძე.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტის მშენებლობას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ განახორციელებს –სამთავრობო კომისიის მიერ გამარჯვებულად გამოცხადებული კომპანია პრემიერ–მინისტრმა დღეს ბრიფინგზე წარადგინა.
გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი აერთიანებს საქართველოში დაფუძნებულ „TBC ჰოლდინგს“ და ამერიკულ საინვესტიციო ჰოლდინგს „Conti International“–ს, რომელიც ახორციელებს ინფრასტრუქტურული და სამშენებლო პროექტებს. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ კონტრაქტორები ასევე არიან საზღვაო პორტების ცნობილი სადიზაინერო კომპანია „Moffatt & Nichol“ და წამყვანი ჰოლანდიური საკონსულტაციო კომპანია საპორტო ტრანზაქციების საკითხებში „Maritime & Transport Business Solutions“–ი.