გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელს ეწვევა

გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 9-10 თებერვალს ბრიუსელს ეწვევა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ვიზიტი საქართველოს მთავრობის მეთაურისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეხვედრით დაიწყება, რის შემდეგაც გიორგი კვირიკაშვილი და დონალდ ტუსკი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

"ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი და ევროკომისარი ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანი უმასპინძლებენ. დაგეგმილია გიორგი კვირიკაშვილისა და იოჰანეს ჰანის ერთობლივი განცხადებები პრესასთან", _ აცხადებენ პრესსამსახურში.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მოლაპარაკებები ევროკომისართან მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპოლუსთან, ევროკომისართან კლიმატისა და ენერგორესურსების საკითხებში მიგელ არიას კანიეტესთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, კომისართან ენერგოგაერთიანების საკითხებში მაროშ შევჩოვიჩთან და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან საქართველოში ჰერბერტ ზალბერთან.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე იმყოფებიან. საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში 10 თებერვალს დასრულდება.