სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის, ილია მეორის ინიციატივით, საპატრიარქოს ფონდი უსახლკარო ბავშვებისა და მოზარდებისთვის თავშესაფარს გააკეთებს, - ამის შესახებ ილია მეორემ საპატრიარქოს ფონდის 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
უწმინდესმა თხოვნით მიმართა თბილისის მერს, რომ თავშესაფრისთვის შესაბამისი ფართი მოიძიონ. "ბედნიერი ვარ იმით, რაც საპატრიარქოს ფონდის მხრიდან 10 წლის განმავლობაში გაკეთდა. ფონდმა შექმნა ორი სახლი. ერთი სპარსეთიდან და ერთი თურქეთიდან ჩამოსული ახალგაზრდებისთვის. როცა ისინი ჩამოდიან და არ აქვთ ბინა, მოდიან ამ სახლებში და დროებით იქ ჩერდებიან. მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ერთ საკითხზე, მრავალი უსახლკარო მოზარდი და ბავშვია ქუჩაში. ხომ არ შეიძლება, რომ ჩვენმა ფონდმა იფიქროს უპატრონო ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის გაკეთდეს თავშესაფარი, რომ მათ ჰქონდეთ ღამის გათევის საშუალება, რათა ღია ცის ქვეშ არ იყვნენ. მინდა მივმართო ქალაქის მერს, იქნებ გამოვნახოთ ადგილი და სახლი ამისთვის", - ბრძანა პატრიარქმა.
თავის მხრივ დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ ამ პროექტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. "ჩვენ საპატრიარქოს ფონდთან ვთანამშრომლობთ. უკვე გვქონდა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა. აღნიშნული პროექტის განხორციელებაში ჩაერთვება ჯანდაცვის სამინისტრო", - განაცხადა ნარმანიამ.
დღევანდელ შეხვედრაზე საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ ფონდის საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა. ფონდმა ასევე სხვადასხვა ადამიანებს მადლობის სიგელები გადასცა.