მარეგულირებელი კომისია არ არის ოპერატიული საგამოძიებო ორგანო, რომ ასე სწრაფად შეძლოს მოკვლევის წარმოება, - ამის შესახებ მაკა ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ განაცხადა , რომელიც მარეგულირებელი კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, ირაკლი რუხაძე არც "ტელეიმედის" და არც "მაესტროს" აქციონერთა სიაში არ ფიგურირებს.
გიორგი გვენეტაძის თქმით, მათ აქვთ მოლოდინი, რომ კონკურენციის სააგენტო მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციებს სრულად მოიძიებს. მისივე განცხადებით, იგი მზად არის შესაბამის ორგანოებს მის ხელთ არსებული ინფორმაციები მიაწოდოს.
"მე ვფიქრობ, რომ წერილობითი მტკიცებულების გარეშეც აშკარაა და საკამათო არ არის ის, რომ ბატონი ირაკლი რუხაძე არის პატარკაციშვილების ბიზნესის მმართველი. შესაბამისად, მისი "იმედთან" ასოცირება რთული არაა. რაც შეეხება პირდაპირ მტკიცებულებებს და რეესტრის ამონაწერს, ამას დრო სჭირდება. კონკურენციის შესახებ კანონი და მაუწყებლობის შესახებ კანონი არაპირდაპირ და ირიბ კონტროლსაც იცნობს, შესაბამისად, მათ ამ კუთხითაც უნდა იფიქრონ", - განაცხადა გიორგი გვენეტაძემ.