ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა კავშირში აცხადებენ, რომ "ბილაინის" მიერ "კავკასუს ონლაინის" საცალო ქსელის შეძენის საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა, ჯანსაღ ბიზნესპროცესს უშლის ხელს.
აფბა ბოლო დროს ადგილობრივ ინტერნეტბაზარზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"აფბა ბოლო წლებში აქტიურად აკვირდება კომუნიკაციების და ზოგადად ციფრული ტექნოლოგიების ბაზრის განვითარებას. აფბას ანალიტიკოსის ზურა კუკულაძის პოზიციით, ტექნოლოგიური განვითარების პროცესმა მნიშვნელოვნად შეცვალა ბაზარზე თამაშის წესები და ზოგადად კომპანიების საქმიანობის შინაარსი. პირველ რიგში იგულისხმება, ის ფაქტი რომ ფიჭური კავშირი მაქსიმალურად ინტეგრირებული ხდება ინტერნეტ კომუნიკაციებთან და შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარება ამ მომსახურებების ერთიან პაკეტებად გაყიდვას ითხოვს", - აღნიშნულია განცხადებაში.
"ამ გამოწვევებმა ბაზრის მოთამაშეები ერთგვარად გადააჯგუფა. ჩვენ ვხედავთ, რომ მაგთიკომი ბაზარზე ფიჭური კავშირის მომსახურებასთან ერთად ინტერნეტის და ციფრული ტელევიზიის მიმწოდებელიც გახდა, ამ მომსახურებების ერთიან პაკეტად გაყიდვა კომპანიისთვის წარმატებული ბიზნესგადაწყვეტილებაა. მსგავს პოლიტიკაზე გადადიან სილქნეტი და ჯეოსელიც, ბაზარზე უკვე გამოჩნდა ამ კომპანიების ერთობლივი პროდუქტები. ამ ფონზე, როდესაც ზოგადად ბაზარი ახალ თამაშის წესებზე გადადის, ბუნებრივია, რომ ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზრის მესამე მსხვილი მოთამაშე ცდილებს პოზიციების დაცვას და მომსახურებების გამრავალფეროვნებას. შესაბამისად, ვთვლი, რომ ამ კომპანიის დაინტერესება კავკასუს ონლაინის საცალო სქელის შეძენით, არის ჩვეულებრივი, ჯანსაღი ინტერესი, რაც დაკავშირებულია კომპანიის ბიზნესინტერესებთან", –აცხადებს ზურა კუკულაძე.
აფბა–ში ასევე აფასებენ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას ბოლოდროინდელ განცხადებას და თვლიან, რომ საკითხის პოლიტიკურ სიბრტყეში გადატანა მხოლოდ აზარალებს ჯანსაღი ბიზნესპროცესის განვითარებას.
"ალასანიას განცხადება ერთის მხრივ არ შეესაბამება რეალობას, კომპანიებმა ოფიციალურად გაავრცელეს განცხადება, რომ შესაძლო გარიგება არ გულისხმობს მაგისტრალური ოპტიკურბოჭკოვანი სადენის გამოსყიდვას, საქმე ეხება მხოლოდ კავკასუს ონლაინის საცალო ქსელს. მეორეს მხრივ, ვფიქრობ, საკითხის პოლიტიკურ ჭრულში გადატანით და რუსეთის ფაქტორის სპეკულირებით, კომპანიისადმი საზოგადოების განწყობა ხელოვნურად იცვლება. არადა, კონკრეტულად ბილაინთან მიმართებაში, პირადად მე მაქვს პოზიტიური მოლოდინები, რომ ეს კომპანია ბაზარზე ჯანსაღი კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. ამ მოლოდინის საფუძველს იძლება თავად ბილაინის საქმიანობა ბაზარზე, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ფიჭური კავშირგაბმულობის სერვისების გაიაფება სწორედ ამ კომპანიის საფასო პოლიტიკის შედეგი იყო.
ვთვლი, რომ თუ "ბილაინს" შეეზღუდება ინტერნეტის და სხვა ციფრული სერვისების შეთავაზება ბაზარზე, ამით მთლიანი საბაზრო ძალაუფლება მოექცევა კომპანია მაგთიკომის ხელში, ბაზარზე მონოპოლიის ჩამოყალიბებით კი პირველ რიგში დაზარალდება მომხმარებელი. მაგალითისთვის, ერთ ფაქტს გავიხსენებ ახლო წარსულიდან, – "ბილაინს" წლების განმავლობაში შეზღუდული ჰქონდა მაღალი ხარისხის მობილური ინტერნნეტის მიწოდების საშუალება, შესაბამისად, მისი კონკურენტები არ ავითარებდნენ LTE ტექნოლოგიებს და შედარებით დაბალი ხარისხის ინტერნეტზე ინარჩუნებდნენ საკმაოდ მაღალ ფასებს. 2015 წლის გაზაფხულზე, როგორც კი კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომპანიები თანაბარ სიტუაციაში ჩააყენა, ბაზარზე ფასები შემცირდა და მომხმარებელს მოგვეცა საშუალება ვისარგებლოთ 4G ტექნოლოგიებით.
აქვე უნდა გავიხსენო მაგთიკომის დირექტორის დევიდ ლის რამდენიმეკვირის წინანდელი განცხადება, რომელიც, ძირითადად, ირაკლი ალასანიას განცხადების პათოსს იზიარებდა. ვფიქრობ, მაგთიკომი საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანით ცდილობს, ზემოქმედება მოახდინოს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაზე, რომელმაც ბილაინს კავკასუს ონლაინის საცალო ქსელის შეძენის უფლება უნდა მისცეს, ამით კი სურს შეინარჩუნოს დომინანტური მდგომარეობა ბაზარზე", – განმარტავს ზურა კუკულაძე.
აფბა მოუწოდებს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, არ გადაიტანოს საკითხი პოლიტიკურ ჭრილში და დროულად მისცეს კომპანია ბილაინს კავკასუს ონლაინის საცალო ქსელის შესყიდვის უფლება, არ შეუშალოს ხელი ჯანსაღი ბიზნესპროცესის განვითარებას და ხელი შეუწყოს ბაზარზე კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას.