მმართველი გუნდის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებული პრეტენზიების ადრესატი პარლამენტის თავმჯდომარე, კომისიის ხელმღძვანელი დავით უსუფაშვილია.
"ეგ ბატონ დავით უსუფაშვილს უნდა ჰკითხოთ. ის არის ამ კომისიის ხელმძღვანელი", - ასე უპასუხა ქუცნაშვილმა "ინტერპრესნიუსის" შეკითხვას, რამდენად ეფექტურად აფასებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას იმ ფონზე, როდესაც 8 თვეზე მეტია სხდომა არ გაუმართავს.
როგორც ზაქარია ქუცნაშვილმა აღნიშნა, ის კომისიის მუშაობაზე პასუხისმგებლობას იღებს იმ უფლებამოსილების ფარგლებში, რომელიც მას, როგორც კომისიის რიგით წევრს გააჩნია.
"კომისია შედგება რამდენიმე ჯგუფისა და მიმართულებისგან. ყველა მიმართულებას თავისი ხელმძღვანელი ჰყავს. შესაბამისად, მე არ მინდა, რომ კომისიის თავმჯდომარისა და ჯგუფების ხელმძღვანელების მაგივრად ვილაპარკო. მე ყოველთვის ვიღებ პასუხისმგებლობას ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში და ზოგიერთ შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტად, მაგრამ არა ყველაფერზე. აქედან გამომდინარე, ჩემი თხოვნა იქნება, რომ მათ ჰკითხოთ, ეს უფრო სწორი იქნება", - განაცხადა ქუცნაშვილმა.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია კონსტიტუციის გადასინჯვის მიზნით 2013 წლის ბოლოს შეიქმნა. მის ფარგლებში 5 სამუშაო ჯგუფია ჩამოყალიბებული, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილებებზე სხვადასხვა მიმართულებით უნდა ემუშავა. პარლამენტმა საკონსტიტუციო კომისიას უფლებამოსილების ვადა რამდეჯერმე გაუგრძელა, რადგან საკანონმდებლო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მან ვერც ერთ საკითხზე საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადება ვერ შეძლო. კომისიის სამუშაო ჯგუფები ფაქტობრივად არ მუშაობენ. მათ მუდმივად კვორუმის პრობლემა აქვთ. შესაბამისად, არც ერთ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება არ ხდება. საკონსტიტუციო კომისია, ისე როგორც სამუშაო ჯგუფები, რამდენიმე თვეა არ შეკრებილა.