ჩუღურეთის რაიონის გამგეობა თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც გამგეობის განცხადებაშია აღნიშნული, ინფორმაცია რომელიც ვრცელდებოდა ბევრ არასწორ ფაქტს შეიცავს.
“საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელდა ინფორმაცია, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. მასალა ემყარება ნაციონალური მოძრაობის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომელიც შეიცავს დაუზუსტებელ და არასწორ ფაქტებს.
აღვნიშნავთ, რომ დავით გაბოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო მისი მხრიდან საქართველოს კანონმდებლობითა და შინაგანაწესით დადგენილი საჯარო მოხელის ქცევის ზოგადი წესების დარღვევა და სამსახურისადმი უპატივცემულობა.
მცდარია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2014 წელს მას უარი ეთქვა ანაზღაურებად შვებულებაზე ტყუპი შვილების შეძენის გამო. 2014 წლის 24 ოქტომბრიდან 2015 წლის 15 იანვრის ჩათვლით მას მიეცა დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო კანონმდებლობით დადგენილი წესით. რაც შეეხება სასამართლო დავას, 2015 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება არ არის კანონიერ ძალაში შესული.
ამასთან, დავით გაბოშვილს დისციპლინური სახდელები დადებული აქვს 2014 წლის 30 სექტემბერსა და 2015 წლის 5 თებერვალს. რაც შეეხება მის თანამდებობიდან გათავისუფლებას, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი მოქმედებდა სამართლებრივ ფარგლებში. მსგავს დარღვევებზე რეაგირება თანაბრად ვრცელდება ყველა თანამშრომლის მიმართ, რასაც მოწმობს სხვა საჯარო მოხელეების მიმართ გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები.
ჩუღურეთის რაიონის გამგეობა გამოთქვამს მზადყოფნას, დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, საზოგადოებას მიაწოდოს სრული და ამომწურავი ინფორმაცია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით”,-აღნიშნულია განცხადებაში.