უახლოეს მომავალში ველით, რომ საქართველო მიიღებს დამსახურებულ შედეგს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემოღებით, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ თავის შვედ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ჯანელიძემ შვედეთსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატორი ერთ-ერთი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერის მორიგი გამოხატულებაა.
"საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან შვედეთს უდიდესი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის რეფორმირების პროცესში, განსაკუთრებით დემოკრატიის განვითარების კუთხით, რაშიც უდიდესი დამსახურება მიუძღვის შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (შIDA). ვიმედოვნებ, რომ მიმდინარე ვიზიტი ახალ იმპულსს შესძენს ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას და ახალ საფეხურზე გადასვლას შეუწყობს ხელს. ვაფასებთ შვედეთის მტკიცე თანადგომას საქართველოს ევროპული არჩევნისადმი. აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატება ჩვენი საერთო პრიორიტეტია და ამ პროცესში შვედეთის აქტიური ჩართულობა ფრიად მნიშვნელოვანია. ჩვენი ევროპელი პარტნიორების, მათ შორის, შვედეთის მხარდაჭერით სერიოზულ პროგრესს მივაღწიეთ ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის გზაზე. ეფექტიანად ვახორციელებთ ასოცირების შეთანხმებას. წარმატებით შევასრულეთ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, რაც დადასტურდა ევროკომისიის ბოლო ანგარიშით და უახლოეს მომავალში ველით, რომ საქართველო მიიღებს დამსახურებულ შედეგს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემოღებით", - განაცხადა ჯანელიძემ.
გარდა ამისა, ჯანელიძის თქმით, საქართველო და შვედეთი აღრმავებენ თანამშრომლობას მთელ რიგ პრიორიტეტულ დარგებში, ასევე, საქართველო აქტიურად მონაწილეობს ევროკავშირის სამშვიდობო მისიებში და "ყოველივე ეს ნოყიერ ნიადაგს ქმნის ევროკავშირთან წარმატებული ინტეგრაციისთვის". ნატო-სთან თანამშრომლობის კონტექსტში კი, ჯანელიძის თქმით, შვედეთთან ერთად აქტიურად ვართ ჩართული ნატო-ს გაძლიერებული შესაძლებლობების ჯგუფის ფორმატსა და სწრაფი რეაგირების ძალებში.
"რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ შეხვედრას, მოგვეცა შესაძლებლობა განგვეხილა როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი. აღინიშნა, რომ ორმხრივი თანამშრომლობის ჭრილში საჭიროა ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება, კერძოდ, ქართულ ეკონომიკაში შვედური ინვესტიციების მოზიდვა, ასევე, ორმხრივი ვაჭრობის განვითარება, შვედური ბიზნესის ხელშეწყობა იმისათვის, რომ მათ საქართველოში და რეგიონში ბაზრებზე იპოვონ თავიანთი გასასვლელი, რისთვისაც დამატებით შესაძლებლობებს გვთავაზობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სივრცის შესახებ შეთანხმება. აღვნიშნეთ, ასევე, რომ ძალიან წარმატებით ვითარდება ჩვენი თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში, ასევე, კულტურისა და განათლების სფეროში და მეტ აქტოვობას ამ მიმართულებით მივესალმებით", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.