მსოფლიო მხარდაჭერა ერთადერთი მექანიზმია საქართველოსთვის, რომ წინ აღუდგეს რუსეთის არალეგიტიმურ ქმედებებს

მსოფლიო მხარდაჭერა ერთადერთი მექანიზმია საქართველოსთვის, რომ წინ აღუდგეს რუსეთის არალეგიტიმურ ქმედებებს

მსოფლიო თანამეგობრობის კონსოლიდირებული მხარდაჭერა ერთადერთი მექანიზმია საქართველოსთვის, რომ წინ აღუდგეს რუსეთის არალეგიტიმურ ქმედებებს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ თავის შვედ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ჯანელიძის თქმით, შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი იყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.

"რა თქმა უნდა, ჩვენ შევეხეთ ჩვენთვის მეტად მგრძნობიარე თემას, რომელიც უკავშირდება რუსეთის არალეგიტიმურ ქმედებებს საქართველოს ტერიტორიაზე და იმ პრობლემებს, რომლებიც ჩვენ გვაქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მსოფლიო თანამეგობრობის კონსოლიდირებული მხარდაჭერა ერთადერთი მექანიზმია საქართველოსთვის, რომ წინ აღუდგეს ამ ქმედებებს და განაგრძოს წინსვლა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ნდობის აღდგენისთვის და ერთობისთვის. გვჯერა, რომ მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელიც დღეს არსებობს რეგიონში, ჩვენს ქვეყანაში, ევროკავშირთან და ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მან ასევე მადლობა გადაუხადა შვედეთის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.