ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის და მთლიანად ეკონომიკის განვითარებისთვის ანაკლიის პორტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის ადმინიტრაციაში განუცხადა, სადაც ანაკლიის პორტის მშენებლობით დაინტერესებულ კომპანიებს შორის გამარჯვებულად "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" დასახელდა.
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, კომპანიის გამოვლენა იყო ძალიან ხანგრძლივი პროცედურა, რომლის ბოლოსაც გამარჯვებულად დასახელდა კომპანია, რომელსაც აღნიშნული პროექტის განხორციელების უნარი შესწევს.
"ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის და მთლიანად ეკონომიკის განვითარებისთვის, იმისთვის, რომ საქართველოს ადგილი აბრეშუმის გზაზე კიდევ უფრო სტაბილური და მდგრადი გახდეს, ანაკლიის პორტის განვითარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მინდა მივულოცო გამარჯვებულ კონსორციუმს. "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" გაიმარჯვა გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში. ეს იყო ძალიან ხანგრძლივი პროცედურა, რომლის ბოლოსაც ჩვენ მივიღეთ კომპანია, რომელსაც შესწევს უნარი აღნიშნული პროექტის განხორციელების", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, დღეს უკვე წარმოდგენილია 3 მილიონიანი საბანკო გარანტია, რომელიც არის გამოუხმობი და რომელმაც უნდა უზრუნველყოს შემდგომი ხელშეკრულების ხელმოწერა.
"ხელშეკრულება მოეწერება უკვე იმ დადგენილი პროცედურების გავლით, რომელიც უნდა აუცილებლად გაიაროს მან ჩვენს ქვეყანაში. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ პროექტი არის ძალიან მასშტაბური, ძალიან დიდი. ის ფაზებადაა დაყოფილი. მხოლოდ ერთ ფაზაში ეს იქნება 7 მილიონის გამტარუნარიანობის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ხელშეკრულების ხელმოწერიდან სამი წლის განმავლობაში უნდა შეემატოს. ხოლო შემდგომში ჯამურად 100 მილიონზე უნდა ავიდეს ამ პორტის გამტარუნარიანობა. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო თავის ვალდებულებებს აქვე იღებს იმისთვის, რომ პორტს მიუყვანოს გზა, რკინიგზა და გადასცეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
რაც შეეხება კრიტერიუმებს, რომლის თანახმადაც მოხდა აღნიშნული კონსორციუმის შერჩევა, ქუმსიშვილის თქმით, იყო 4 ძირითადი კრიტერიუმი, მათ შორის განვითარების კონცეფცია, ფინანსური მდგრადობა, რეგიონის ეკონომიკური განვითარების ზოგადი ხედვა და იურიდიული მიმართულება.
"ოთხივე მიმართულებით აქტიურად ვიმუშავეთ ჩვენს კონსულტანტებთან ერთად და კომპანიამ წარმოადგინა ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი პორტის განვითარების", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
რაც შეეხება მოსახლეობის გადამზადების მექანიზმს, როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი შეიქმნება, განვითარების კონცეფცია გულისხმობს ადგილობრივი მოსახლეობისთვის პროფესიული განათლების მიცემას, რათა ისინი შემდგომ პორტში დასაქმდნენ. მისივე თქმით, წარმოდგენილი პროექტის მიხდვით თითქმის 600 ჰექტარზე უნდა შეიქმნას თავისუფალი ინდუსტრიული ზონა.
"ეს თავის თავში მოიცავს როგორც ინდუსტრიული მიმართულების განვითარებას, ასევე ჩვენ ვსაუბრობთ ფინანსური მიმართულების განვითარებაზე, თუმცა დღეს ჩვენ რაზეც ვართ შეთანხმებულები და რის გამარჯვებასაც ვზეიმობთ, ეს არის პორტის განვითარება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.