ტელეკომპანია "მაესტროს" ყოფილი მეწილე გიორგი ებრალიძე ბაია გადაბაძეს სიცრუეში ადანაშაულებს. როგორ გიორგი ებრალიძემ ტელეკომპანია "იმედს" განუცხადა, ბრალდებები თითქოს ყოფილმა პარტნიორებმა ლევან ჩიკვაიძემ და გიორგი ებრალიძემ წერილი გაუგზავნეს დანარჩენ პარტნიორებს, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ისინი აპირებდნენ საკუთარი წილების მესამე პირზე გაყიდვას და პარტნიორებს სთავაზობდნენ, მათი წილები ორნახევარ მილიონად სამ დღეში ეყიდათ, არ შეესაბამება სიმართლეს.
"მე არაფერი მაკავშირებს იმ ადამიანებთან. მე მქონდა ურთიერთობა გია და ლევან გაჩეჩილაძეებთან. ქალბატონი ბაია ცრუობს. კარგი იქნება ჟურნალისტები იმ საბუთებს თუ გამოართმევთ და კარგად ჩაიხედავთ. იქ ყველაფერი გარკვევით წერია. წერია, რომ იქ ჩვენ 3 დღის ვადას კი არ ვაძლევთ შესყიდვაზე, არამედ ჩვენ ვაძლევთ 3 დღის ვადას მოფიქრებისთვის. 3 დღის განმავლობაში მათ უნდა ეთქვათ აპირებენ თუ არა ამ ტიპის შესყიდვას.
ამის შემდეგ ჩვენ ველოდებოდით 5 დღე და შემდეგ კიდევ დავუმატეთ და საბოლოოდ სადღაც 8 დღე გამოვიდა. ამ სამი დღის და 8 დღის განმავლობაში ჩვენ წინადადებაც კი არ მიგვიღია შესყიდვის შესახებ", - განაცხადა გიორგი ებრალიძემ.
"მაესტროს" დირექტორმა ბაია გადაბაძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა სადაც განაცხადა, რომ 2016 წლის 15 იანვარს "მაესტროს" უკვე ყოფილმა პარტნიორებმა ლევან ჩიკვაიძემ და გიორგი ებრალიძემ წერილი გაუგზავნეს დანარჩენ პარტნიორებს, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ისინი აპირებდნენ საკუთარი წილების მესამე პირზე გაყიდვას და პარტნიორებს სთავაზობდნენ, რომ მათი წილები ორნახევარ მილიონად სამ დღეში ეყიდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი აპირებდნენ გასხვისებას მესამე პირზე. რეალურად კი როგორც ბაია გადაბაძე აღნიშნავს, მათი განზრახვა იყო, რომ წილები გაჩეჩილაძეს შეესყიდა, რომლის შედეგადაც რუხაძე იქნებოდა რეალურად თანხის გადამხდელი.
ბაია გადაბაძის განმარტებით, სწორედ აღნიშნული ჩარევების გამო დაეკარგა მაკა ასათიანს მოტივაცია და იგი გადავიდა ნაწილობრივ დაფინანსებაზე, რის შემდეგაც გადაბაძე აღნიშნავს, რომ იძულებული იყო სასამართლოსთვის გაკოტრების შესახებ მიემართა.