ეს არის უნიკალური გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც ახალ შესაძლებლობებს მისცემს არა მარტო საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს, არამედ მთელ რეგიონს, - ამის შესახებ "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხზე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობა არის გამოწვევა ქვეყნისთვის.
"არ იქნება გადამეტებული თუ ვიტყვით, რომ ეს საუკუნის მშენებლობაა საქართველოს ისტორიაში, თავისი მასშტაბებით და ამბიციებით. ეს არის უნიკალური გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც ახალ შესაძლებლობებს მისცემს არა მარტო საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს, არამედ მთელ რეგიონს", - განაცხადა ხაზარაძემ.
"თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის განმარტებით, ანაკლიის პროექტი იქნება დამაკავშირებელი ხაზი აზიასა და ევროპას შორის.
"ეს იქნება ძველი აბრეშუმის გზის ახალი კონცეფციის ერთი სარტყელი. ერთი გზის გაგრძელება, რომელიც გამოცხადებული იქნა ჩინეთის მთავრობის მხრიდან. ეს იქნება არა მარტო პორტი, არამედ თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და მე მინდა დიდი სიამაყით ვთქვა ჩემს პარტნიორებთან ერთად, რომ ეს ჩვენთვის არის დიდი პატივი და პასუხისმგებლობა.
პროექტთან დაკავშირებით ტენდერი ბოლო ორი წლის განმავლობაში ტარდებოდა, რომელშიც 12 საერთაშორისო მსხვილი კომპანია მონაწილეობდა. ჩვენ შევძელით დაგვედო საუკეთესო წინადადება ამ პორტის და მისი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარების თვალსაზრისით. მემგონი, ზედმეტია იმაზე ლაპარაკი და ხაზგასმა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია არამარტო საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის ამხელა პროექტის დაწყება. ჩვენ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან", - აღნიშნა ხაზარაძემ.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" განახორციელებს. პორტის მშენებლობით დაინტერესებულ კომპანიებს შორის გამარჯვებულად "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" დასახელდა, რომელიც "TBC ჰოლდინგისა" და ამერიკული კომპანია "კონტი ინტერნეიშენალის" მიერ ერთობლივად დაფუძნებული კომპანიაა.