ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" განახორციელებს. პორტის მშენებლობით დაინტერესებულ კომპანიებს შორის გამარჯვებულად "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" დასახელდა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი "TBC ჰოლდინგისა" და ამერიკული კომპანია "კონტი ინტერნეიშენალის" მიერ ერთობლივად დაფუძნებული კომპანიაა.
"კონტი ინტერნეიშენალი" აშშ-ში ინფრასტრუქტურული და კაპიტალური პროექტების მიმართულებით ცნობილი დეველოპერული კომპანიაა.
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" კონტრაქტორები არიან ასევე საზღვაო პორტების ცნობილი სადიზაინრეო კომპანია "მოფატი და ნიკოლი" და წამყვანი ჰოლანდიური საკონსულტაციო კომპანია საპორტო ტრანზაქციების საკითხებში "მერითაიმ ენდ თრანსპორთ ბიზნეს სოლუშენზ". "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" თავის განცხადებასთან ერთად მთავრობას წარუდგინა გამოუხმობადი საბანკო გარანტია 3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც უზრუნველყოფს ხელშეკრულების ხელმოწერას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, სამთავრობო კომისია კომპანიების შერჩევის პროცესში ხელმძღვანელობდა სხვადასხვა კრიტერიუმებით.
"ფინანსური კრიტერიუმები - კანდიდატი ვალდებული იყო წარმოედგინა ვალდებულების შესრულების საბანკო გარანტია, რომლის მინიმალური ოდენობა განსაზღვრული იყო 20 მილიონი დოლარით. ტექნიკური კრიტერიუმი - პორტის წინასწარი კონცეფცია, რომელიც ფასდებოდა პორტის წინაწარი დიზაინის განხორციელების გრაფიკის, პორტის ოპერაციების მართვის კონცეფციის, ადგილობრივი განვითარების გეგმის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ეკონომიკური კრიტერიუმი - პორტის ფინასური მოდელი, რომელიც შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო პორტის წინასწარ კონცეფციასთან, ასევე ფინანსურ მოდელში ასახული უნდა ყოფილიყო შეთავაზების ეკონომიკური და ფინანსური სიმყარე და წარმოდგენილი ბიზნეს წინადადების მდგრადობა. დამატებით წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო მარკეტინგული კონცეფცია და ნავსადგურში ტვირთების მოზიდვის ხედვა. სამართლებრივი კრიტერიუმი - კომენტარები და შენიშვნები ამ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება უფრო დეტალებში მოიკითხოთ ეკონომიკის სამინისტროში ის ახდენდა ამ საკითხების კოორდინაციას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, პორტი განვითარდება რამოდენიმე ფაზად, პირველი ფაზა ეს იქნება მშენებლობის დაწყებიდან სამი წელი, როდესაც 7 მილიონი ტონის დამატებითი გამტარუნარიანობა შევა ძალაში.
"პორტის მშენებლობის საწყისი ეტაპი დაიწყება წელს, ხოლო გარემოსდაცვითი დასკვნის მომზადების შემდეგ უკვე სრული მასშტაბით მშენელობა განახლდება 2017 წელს. მინდა მივულოცო გამარჯვებულ კონსორციუმს გამარჯვება და გამოვთქვა იმედი, ასევე დარწმუნება, მთავრობის ყველა წევრის, რომ პორტი განსაზღვრულ ვადებში დასრულდება და ეს იქნება სრულიად ახალი შესაძლებობები საქართველოსათვის, რათა აბრეშუმის გზის კონცეფცია სრულმასშტაბიანად ამოქმედდეს საქართველოს შემთხვევაში და სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო კორიდორი გახდეს თვისობრივად ახალი აბსოლუტურად ახალი გამტარუნარიანობის და ახალი შესაძლებლობების", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, პორტის შენებლობით საქართველოში შეიქმნება რამოდენიმე ათასი სამუშო ადგილი. "ჩვენ ჩაფიქრებული გვაქვს რომ პორტის გარშემო შეიქმნას თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რომელიც კიდევ ერთი ახალი სუნთქვა იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის", - განაცხადა პრემიერმა.