საელჩო დაინტერესებულია მედიაგარემოსთან დაკავშირებული პროცესებით, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ ჟურნალისტებს ტელეკომპანია "მაესტროს" ირგვლივ მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას განუცხადა.
იან კელის თქმით, წელს საპარლამენტო არჩევნებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი წელიწადია საქართველოსთვის და ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს უნდა ჰქონდეს საშუალება მოსახლეობამდე მიიტანოს საკუთარი სათქმელი.
"ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია საქართველოს დემოკრატიის წარმატება. წელს მნიშვნელოვანი წელიწადია, რადგან შემოდგომაზე არჩევნები ტარდება. ჩვენი პრიორიტეტია ასევე, რომ პოლიტკური სცენის ყველა მოთამაშის ხმა ისმინებოდეს მოსახლეობის მიერ, რაშიც მედია მნიშვნელოვან როლს თამაშობს. საელჩო დაინტერესებულია მედიაგარემოსთან დაკავშირებული პროცესებით. ამიტომ ვითხოვეთ შეხვედრა "მაესტროს" ხელმძღვანელობასთან. ამ ეტაპზე ჩვენ ვაკვირდებით ვითარებას. მოხარულები ვართ, რომ გარკვეულ მოთამაშეებთან გვქონდა შეხვედრა. გვსურს ვიხილოთ, რომ სრულად იყოს უზრუნველყოფილი ის, რასაც ვეძახით თანაბარ სათამაშო ველს", - განაცხადა იან კელიმ.