კონსტიტუციაში ქორწინებასთან დაკავშირებული ჩანაწერის დაფიქსირების მოთხოვნით პარლამენტში კიდევ ერთი ინიციატივა შევა.
ამჯერად შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ავტორი მოძრაობა "ეროვნულებია", თუმცა მისი შინაარსობრივი ნაწილი ფაქტობრივად არ განსხვავდება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში, იგივე საკითხზე, გასული წლის ზაფხულში დარეგისტრირებული ინიციატივისგან.
უფრო კონკრეტულად, მოძრაობა "ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძეც ითხოვს კონსტიტუციით განისაზღვროს, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა.
"ვაპირებთ საქართველოს პარლამენტში შევიტანოთ ინიციატივა, რომელიც ოჯახს ქალისა და მამაკაცის ერთობად განსაზღვრავს. საკონსტიტუციო შესწორების არსი მდგომარეობს იმ ჩანაწერის დაფიქსირებაში, რომ ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით, მამაკაცისა და ქალის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც ემყარება მეუღლეების უფლებრივ თანასწორობას", - განაცხადა ბრეგაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე და იმედი გამოთქვა, რომ ინიციატივას საკანონდებლო ორგანოს წარმომადგენლები მხარს დაუჭერენ.
საქმე ისაა, რომ ქორწინებასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის საკითხზე, პარლამენტში შექმნილ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში, საკანონმდებლო ინიციატივა პირველად ჯერ კიდევ გასული წლის ივნისში შვიდა. მისი ავტორი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი და ერთ-ერთი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, კონსტიტუციონალისტი ლევან ბოძაშვილია. მისი ინიცირებით მომზადებული პროექტიც ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს რედაქციით, რომ "ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით, ნებაყოფილობითობაზე, მორალურ და უფლებრივ თანასწორობაზე დაფუძნებული ქალისა და მამაკაცის კავშირია". ლევან ბოძაშვილის ინიციატივით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში 2015 წლის ივნისში დარეგისტრირდა, თუმცა კომისიის შესაბამისი - ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ინსტიტუტის საკითხთა სამუშაო ჯგუფი მას შემდეგ არ შეკრებილა და შესაბამისად ის ამ დრომდე არ განხილულა.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაო ჯგუფი გასული წლის ზაფხულის შემდეგ პირველ სხდომას 13 თებერვალს გამართავს.