წელს გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარდება. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 2016 წლის გამოცდებს ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩააბარებენ აბიტურიენტები, პედაგოგები (პედაგოგობის მსურველები), სტუდენტები, მაგისტრანტობის კანდიდატები.
მაია მიმინოშვილის განმარტებით, ფორმატის ცვლილება მხოლოდ ტესტის ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს. ახალი ფორმატის დანერგვის შედეგად, მონაწილე დავალებას მისთვის განკუთვნილი კომპიუტერის ეკრანზე დაინახავს, პასუხებს კი, ჩვეულებრივ, პასუხების ფურცელზე მონიშნავს ან დაწერს.
"აპლიკანტები ტესტურ დავალებებს ელექტრონული ფორმით მიიღებენ. რაც შეეხება პასუხების ფურცლებს, ეს ყველაფერი შენარჩუნებულია. მათ მოუწევთ ქაღალდზე მუშაობა. დარიგებული ექნებათ ფურცლები შავი სამუშაოსთვის და პასუხების ფურცელი, რომელსაც წინა წლებში ვაწვდიდით", - აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.
მისივე ინფორმაციით, წელს პირველად, აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ნებისმიერ ხელმისაწვდომ კომპიუტერზე, პირადი გვერდიდან ამობეჭდვის შესაძლებლობა ექნებათ.
ამასთან, შარშან, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი აბიტურიენტის გამოცდაზე გამოცხადებიდან გამომდინარე, სიახლეა წესებში. კერძოდ, წესებში დეტალურად იქნება მითითებული, რა შემთხვევაში არ შეიძლება გამოცხადდეს აპლიკანტი საგამოცდო ცენტრში.
"მართლაც უცნაური იყო შარშანდელი შემთხვევა, რადგან ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, შემუშავებული წესებით ძალიან ნათელი და მკაფიო თუ არ იყო, რომ ნასვამ მდგომარეობაში არ შეიძლება ადამიანის საგამოცდო ცენტრში გამოცხადება. რადგან ასეთი სახის პრობლემა გაჩნდა, წესებში უკვე დეტალურად მითითებული იქნება რა შემთხვევაში არ შეიძლება აპლიკანტი საგამოცდო ცენტრში გამოცხადდეს - ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ, ნასვამ მდგომარეობაში და რა თქმა უნდა, თუ ნარკოტიკები თან ექნა", - აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული წესები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ გვერდზე განთავსდება და თითოეული აპლიკანტი საკუთარ პირად გვერდზეც იხილავს.