"მაესტროს" საკონტროლო პაკეტის შეძენა ფორმალურად გაჩეჩილაძის სახელზე სწორედ იმის მანიშნებელია, რომ მართვის სადავეები ხელში ჩაიგდოს ირაკლი რუხაძემ, - ამის შესახებ "მაესტროს" ერთ-ერთი მეწილის, მამუკა ღლონტის ადვოკატმა პაატა კიკვიძემ ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც ბაია გადაბაძემ წარმოადგინა მიმოწერა, სადაც რუხაძე მაკა ასათიანს სთავაზობს 7.5 მილიონად ტელევიზიის შინარსიის შეცვლას.
როგორც ადვოკატმა განმარტა, შესაძლოა ამ ყველაფერს პოლიტიკური ნიშანწყალი გააჩნდეს და განვითარებული მოვლენები პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირდებოდეს.
"ბაია გადაბაძის მიერ გასაჯაროებული მიმოწერიდან, თუ ის სინამდვილეს შეესაბამება, ცალსახად ჩანს, რომ ადგილი აქვს მედიაკომპანიის მართვის სადავეების ხელში ჩაგდების მცდელობას. როცა კომპანია გადახდის უუნაროა და ეს პრობლემა გააჩნია, როდესაც ტელეკომპანიას სოლიდური დავალიანება აქვს, ეჭვები იბადება ამ კომპანიის ეკონომიკურ ინტერესთან მიმართებაში. ასეთი კომპანიის შესყიდვის სურვილი ძნელად წარმოასადგენია, რომ ვინმეს გაუჩნდეს. სწორედ ეს ბადებს ეჭვს, ამ მიმოწერაში არ არის მითითებული კომპანიაში შემოსვლის შემდეგ ვინმე თუ იღებს კომპანიის პრობლემების მოგვარებაზე პასუხისმგებლობას. ჩანს სურვილი ბრენდის მითვისებისა არამართლზომიერად. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მცდელობა, კერძოდ საკონტროლო პაკეტის შეძენა გაჩეჩილაძის სახელზე იმას ნიშნავს, რომ ამ პირს სურს ტელეკომპანიის მართვის სადავეების ხელში ჩაგდება", - განაცხადა პაატა კიკვიძემ.