"თავისუფალი დემოკრატები" "კავკასუს ონლაინსა" და "ვიმპელკომს" შორის მიმდინარე მოლაპარაკებების გამჭვირვალობას ითხოვენ. შესაბამის საკითხზე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა გააკეთა.
პეტრიაშვილმა პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ხელისუფლებას "კავკაზუს ონლაინთან" მოლაპარაკებების წარმართვის წინადადებით მიმართა.
"შავი ზღვის, საქართველო-ბულგარეთის დამაკავშირებელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი და სახმელეთო მაგისტრალური ინფრასტრუქტურა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტია!
ჩვენ, "თავისუფალ დემოკრატებს" გვაქვს უტყუარი ინფრორმაცია, რომ მოლაპარაკებები მაგისტრალის გასხვისებასთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობდა - რუსული "ვიმპელკომი" შეხვდა პრემიერ-მინისტრსაც და პრაქტიკულად დასკვნით ფაზაში იყო შესული.
საბოლოო შეთანხმება საქართველო-ბულგარეთის დამაკავშირებელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გასხვისების საკითხზე იგეგმებოდა თურქეთის ქალაქ სტამბულში. "ვიმპელკომი" თავისთავად ძალიან მსხვილი კომპანიაა და მისი დაინტერესებაც სწორედ მას შემდეგ მოხდა, რაც გაკეთდა შეთავაზება ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის შესაძლო გასხვისების თაობაზე.
ცალსახად გვინდა აღვნიშნოთ, რომ "თავისუფალი დემოკრატები" მხარს ვუჭერთ კერძო ბიზნესს და არ ვერევით კომერციული კომპანიების მოლაპარაკებებში, მაგრამ როდესაც საქმე ეხება სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას, ჩვენ ვალდებული ვართ მოვახდინოთ რეაგირება და მოვითხოვოთ მოლაპარაკებების გამჭვირვალობა.
"კავკასუს ონლაინი" კერძო ქართული კომპანიაა, რომელსაც წლების განმავლობაში მსხვილი ინვესტიცია აქვს განხორციელებილი ამ სფეროში და მას ყველა უფლება აქვს იმოქმედოს თავისი ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე.
თუმცა, ჩვენ "თავისუფალი დემოკრატები" კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ხელისუფლებამ, სტრატეგიული ობიექტის - საქართველო-ბულგარეთის დამაკავშირებელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გასხვისება არ უნდა დაუშვას! ეს ობიექტი არამარტო ჩვენი ქვენისთვის არამედ მთელი რეგიონისთვის წარმოადგენს სასიცოცხლო მნიშვნელობას.
ამიტომ ჩვენ ვთავაზობთ ხელისუფლებას, წარმართოს მოლაპარაკებები "კავკაზუს ონლაინთან" და ამა თუ იმ ფორმით არ დაუშვას სტრატეგიული ინფრასტრუქტურის გასხვისება", - განაცხადა პეტრიაშვილმა.
პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ "თავისუფალი დემოკრატებისთვის" უმნიშვნელოვანესია პროცესის გამჭირვალობა, რადგან არსებობს არაერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ ისმის ცალკეულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ბუნდოვანი განცხადებები.
"აქვე საზოგადოების ყურადღება გვინდა მივაპყრო იმ გარემოებასაც, რომ ინტერნეტის საცალო ბაზარზეც კი შემოსვლა არის კერძო მომხმარებლების, ანუ ჩვენი მოქალაქეების საინფორმაციო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და ამასთან დაკავშირებითაც მარეგულირებელ კომისიას და შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს დაფიქრება მართებთ, ვიდრე იქნება რაიმე გადაწყვეტილება.
ჩვენთვის, "თავისუფალი დემოკრატებისთვის" უმნიშვნელოვანესია პროცესის გამჭირვალობა, ჩვენ გვაქვს არაერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ აწარმოებს საქართველოს ხელისუფლება მოლაპარაკებებს. ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია ურთიერთგამომრიცხავი და ბუნდოვანი განცხადებები. ბუნდოვანებაა ამ შემთხვევაშიც. "კავკაზუს ონლაინი" ამტკიცებდა რომ აწარმოებს "მაგთისთან" მოლაპარაკებებს, რაც "მაგთიკომმა" უარყო", - აღნიშნა პეტრიაშვილმა.