პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, "გაზპრომის" საკითხი ამოწურულია და პლატფორმა "დაიცავი თავისუფლებასთან" შეხვედრის ფორმატში ამ თემის გაგრძელების საფუძველი არ არსებობს. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს პლატფორმის "დაიცავი თავისუფლება" მიერ "გაზპრომთან" მიმდინარე მოლაპარაკებების საკითხზე შეხვედრის მოთხოვნის კომენტირებისას განუცხადა.
"მე ვხვდები არასამთავრობო სექტორის ძალიან ბევრ წარმომადგენელს და მაქვს გარკვეული განრიგი. არ ვიცი, კონკრეტულად რას ეხება. "გაზპრომის" თემას თუ ეხება, მე არ მაქვს არანაირი საფუძველი იმისა, რომ ეს თემა და ამ ფორმატში განხილვა გავაგრძელო. მე მგონია, რომ ეს საკითხი ამოწურულია, იმიტომ რომ არანაირ სტრატეგიულ მოლაპარაკებებზე საუბარი არ არის. წმინდა ტექნიკური ხასიათის პრობლემების აღმოფხვრაზე იყო საუბარი და მე მგონია, რომ სრულიად უსაფუძვლოა ამასთან დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციების გაგრძელება", - განაცახდა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს აქვს სტრატეგიული ურთიერთობა აზერბაიჯანთან, ასევე, კომპანია "სოკართან" და სტრატეგიულ ურთიერთობებს "არაფერი არ ემუქრება".