"კავკასუს ონლაინი": მოლაპარაკებების საგანი არ არის შავი ზღვის კაბელის და სახმელეთო მაგისტრალური ინფრასტრუქტურის გასხვისება

"კავკასუს ონლაინი" განმარტავს, რომ მოლაპარაკება რამდენიმე მსხვილ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან საცალო სეგმენტის შესყიდვის თაობაზე მიმდინარეობს. ამ საკითხთან დაკავშირებით "კავკასუს ონლაინი" ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. 

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ ამ ეტაპზე "კავკასუს ონლაინს" აქვს მოლაპარაკება რამდენიმე მსხვილ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან, მათ შორის "ვიმპელკომთან" და "მაგთიკომთან" საცალო სეგმენტის შესყიდვის თაობაზე. 
მოლაპარაკებების საგანი არ არის შავი ზღვის კაბელის და სახმელეთო მაგისტრალური ინფრასტრუქტურის გასხვისება. პროცესი არის გამჭვირვალე და კომპანიის იმ აქტივების დეტალური ჩამონათვალი, რომლის შესაძლო გასხვისებაზეცაა საუბარი გაგზავნილია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, როგორც ამას მოითხოვს კომისიის დებულებები: კომპანიაში მიმდინარე ნებისმიერი ცვლილების, მათ შორის შერწყმის, კომპანიაში წილების ან საოპერაციო აქტივების ნასყიდობის შესახებ ავტორიზებული პირი ვალდებულია მიიღოს კომისიის წინასწარი თანხმობა. 

კომისიისთვის გაგზავნილ ჩამონათვალში არ არის შავი ზღვის მაგისტრალური კაბელი, შესაბამისად, ის არ არის კომერციული შეთანხმების ნაწილი", - ნათქვამია განცხადებაში. 

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას მტკიცებით, სტრატეგიული ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხი, შესაძლოა, რუსეთის ხელში აღმოჩნდეს. 

როგორც ირაკლი ალასანიამ "კურიერის" ეთერში განაცხადა, ხელისუფლება მის გასხვისებაზე მუშაობს.

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი აღნიშნულ ინფორმაციას "საგანგაშოს" უწოდებს და განმარტებებს ითხოვს.

"მიმდინარეობს მოლაპარაკება სტრატეგიული ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხის გასხვისებაზე, რომლითაც იღებს საქართველო ინტერნეტს და მიბმულია ევროპასთან. აღსანიშნავია, რომ აქამდე ეს იყო ქართული კომპანიის ხელში და გვაქვს ინფორმაცია, რომ, სავარაუდოდ, ამას რუსული კომპანია ვიმ-პელ-კომი შეიძლება დაეპატრონოს. ეს ინფორმაცია იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, რომ აუცილებელია, განმარტება გააკეთოს ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ. დღევანდელ მსოფლიოში იმდენად დიდია რისკი კიბერთავდასხმების, რომ ეს საკმაოდ საგანგაშო ინფორმაციაა," – განაცხადა ირაკლი ალასანიამ, რომლის თქმითაც, არსებულ თემაზე განმარტებების მოთხოვნით "თავისუფალმა დემოკრატებმა" კომუნიკაციების ეროვნულ მარეგულირებელ კომისიას წერილობით მიმართა.