თურქეთის პრეზიდენტი მზადაა საჭიროების შემთხვევაში სირიელი დევნილები მიიღოს

თურქეთის პრეზიდენტი მზადაა საჭიროების შემთხვევაში სირიელი დევნილები მიიღოს

თურქეთის პრეზიდენტის რეჯებ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, მისი ქვეყანა მზადაა საჭიროების შემთხვევაში, თავის ტერიტორიაზე ათასობით დევნილი შეუშვას, რომლებიც თავის გადარჩენას ცდილობენ სირიის არმიის ქალაქ ალეპოზე თავდასხმისგან.

"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ამ დროისთვის, თურქეთის საზღვართან 35 ათასამდე სირიელი დევნილი იმყოფება, რომლებსაც თურქეთმა ჯერჯერობით შეშვებაზე უარი უთხრა. ამის მიუხედავად, თურქეთის ხელისუფლება მათ საკვებითა და პირველადი მოხმარების ნივთებით ამარაგებს.

როგორც მედიასაშუალება წერს, ანკარა ცდილობს ყურადღება გაამახვილოს მის წინაშე მდგარ დილემაზე: ერთი მხრივ, მან უნდა მიიღოს და დაეხმაროს ადამიანებს, რომლებიც კონფლიქტს გაურბიან, მეორე მხრივ კი, ევროპა მასზე ზეწოლას ახდენს და ცდილობს დაარწმუნოს, დაეხმაროს ევროპას მიგრანტთა ნაკადების შემცირებაში, რომლებიც ევროპისკენ ისწრაფვიან.

ამ დროისთვის, თურქეთმა უკვე მიიღო 2,5 მილიონი სირიელი. ამ ოდენობის დევნილი არც ერთ სხვა ქვეყანას არ მიუღია.