"თავისუფალმა დემოკრატებმა" დღეს ახალი ეკონომიკური ინიციატივები წარადგინეს. ამ თემაზე პარტიის თბილისის ორგანიზაციის კონფერენციაზე ვასილ რევიშვილმა ისაუბრა.
"ჩვენი პროგრამის მიხედვით, ქონების უზრუნველყოფით მიღებულ სესხებზე გადახდილი პროცენტების მთლიანი ოდენობა გამოაკლდება დასაბეგრ შემოსავალს. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობას 20%-ით შეუმცირდება საპროცენტო ხარჯი. ეკონომიკის ზრდის სტიმულირების მიზნით, სწორი მიდგომაა ბიზნესში რეინვესტირებული კაპიტალის გადასახადისგან გათავისუფლება, რაც "თავისუფალი დემოკრატების ეკონომიკური ხედვის" 2015 წლის ივნისში გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღვწერეთ. გარდა ამისა, ასევე დაუყოვნებლივ გავატარებთ რეფორმებს საგადასახადო ადმინისტრირებაში, რაც "ფინანსური პოლიციის" გაუქმებას და ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას გულისხმობს. მცირე და საშუალო საწარმოები უნდა იქცნენ ეკონომიკისა და დასაქმების ზრდის მთავარ ლოკომოტივად. შესაბამისად, გარდა საგადასახადო ადმინისტრირების წნეხის მოშორებისა, რაც მცირე საწარმოებს გაცილებით მეტად აზარალებს, ვიდრე დიდ კომპანიებს, აუცილებელია, მცირე საწარმოების საგადასახადო ტვირთის შემსუბუქება. გაიზრდება ფიქსირებული გადასახადის გადამხდელთა რიცხვი, ასევე, ბრუნვაზე დაფუძნებული 3%-იანი გადასახადი დაწესდება, დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნების გარეშე", - განაცხადა ვასილ რევიშვილმა.