საპატრიარქო შს მინისტრს თხოვნით მიმართავს, მოქალაქე გიორგი ტატიშვილს დროულად გამოუყოს დაცვა

საპატრიარქო შს მინისტრს თხოვნით მიმართავს, მოქალაქე გიორგი ტატიშვილს დროულად გამოუყოს დაცვა

საქართველოს საპატრიარქო შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს თხოვნით მიმართავს, მოქალაქე გიორგი ტატიშვილს, რომელმაც ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, უსაფრთხოების მიზნით, დროულად გამოუყოს დაცვა. ამის შესახებ ნათქვამია საპატრიაქროს განცხადებაში, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ საქართველოს მოქალაქე გიორგი ტატიშვილმა (იგი ამჟამად ამ სახელით არის დარეგისტრირებული) საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომელიც საბოლოო მიზნად ისახავს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას.

იგი თვითონ არის ლგბტ საზოგადოების წარმომადგენელი და მათი უფლებადამცველი.

მოგეხსენებათ, ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი (განურჩევლად ეროვნებისა და რწმენისა) როგორ უარყოფითად არის განწყობილი ასეთ კანონთან მიმართებაში. ამიტომაც არის საშიშროება იმისა, რომ გარკვეული ძალების მიერ ეს მდგომარეობა იქნას გამოყენებული პროვოცირებისათვის და გიორგი ტატიშვილის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის დასაგმობია და ყოვლად მიუღებელი მისი ეს ნაბიჯი (მით უმეტეს კანონის მიღება), მიუღებელია ძალადობრივი ქმედებაც, და, რა თქმა უნდა, ძალადობის უმძიმესი ფორმით გამოვლენა.

ამიტომაც თხოვნით მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, გაითვალისწინოს აღნიშნული და გიორგი ტატიშვილს, უსაფრთხოების მიზნით, დროულად გამოუყოს დაცვა", - ნათქვამია განცხადებაში.