სუროგაციის გზით საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვის ქვეყნიდან გაყვანაზე შესაძლოა კანონი გამკაცრდეს.
ამასთან დაკავშირებით პარლამენტისთვის კანონპროექტის შეთავაზებას იუსტიციის სამინისტრო გეგმავს და ამაზე საუბარია 2016 წლის პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარსადგენ კანონპროექტთა ნუსხაში.
კერძოდ, იგეგმება პარლამენტში იმ შინაარსის კანონპროექტის ინიცირება, რომლის მიხედვით, სუროგაციის გზით საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვის ქვეყნიდან გაყვანა მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, თუ დაბადების მოწმობაში ორივე მშობლის ვინაობა იქნება მითითებული.
ცვლილება "საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ" კანონში უნდა შევიდეს.
როგორც იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის საქართველოდან გასაყვანად საკმარისი არ იქნება მხოლოდ უცხო ქვეყნის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
"კანონპროექტის მომზადება იმ პრაქტიკულმა საჭიროებამ განაპირობა, რომელიც არსებობს სუროგაციის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვის საქართველოდან გაყვანის საკითხებთან დაკავშირებით. ხშირია შემთხვევა, როდესაც სუროგაციის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვის საქართველოდან გაყვანა არსებული რეგულაციების გვერდის ავლით ხორციელდება, რაც ტრეფიკინგისა და ადამიანით ვაჭრობის რეალურ საფრთხეს ქმნის. ამ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, მიზანშეწონილია კანონში გაიწეროს დებულებები, რომლებიც ხელს შეუშლის სუროგაციის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვის საქართველოდან შემოვლითი გზებით გაყვანის მცდელობას, ამავდროულად, ზიანს არ მიაყენებს მცირეწლოვანი ბავშვის ინტერესებს", - აღნიშნულია განმარტებით ნაწილში.