ჯვრისწერას შესაძლოა იურიდიული ძალა მიენიჭოს

ჯვრისწერას შესაძლოა იურიდიული ძალა მიენიჭოს

ჯვრისწერას შესაძლოა იურიდიული ძალა მიენიჭოს. აღნიშნულს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს. პროექტი პარლამენტში ჯერ არ არის დარეგისტრირებული, თუმცა ასახულია 2016 წლის საგაზაფხულო სესიაზე მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარსადგენ კანონპროექტთა ნუსხაში.

როგორც განმარტებით ნაწილშია ნათქვამი, საქართველოს კანონმდებლობით საეკლესიო ქორწინებას-ჯვრისწერას იურიდიული ძალა არ გააჩნია, თუ ქორწინება სამოქალაქო წესით არ არის რეგისტრირებული.

"შესაბამისად, იმ წყვილებს შორის, რომლებიც რელიგიურ ქორწინებაში იმყოფებიან, სამოქალაქო უფლება-მოვალეობები არ წარმოიშობა თანაცხოვრების დასრულების შემდეგ, ან ერთ-ერთი მათგანის გარდაცვალების შემთხევაში მეორეს არ წარმოეშობა არანაირი ქონებრივი უფლება. პროცედურულ და ფინანსურ სირთულეებთანაა დაკავშირებული რეგისტრირებული ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვის მამობის აღიარების საკითხიც, რაც ასეთი ქორწინების გარეშე გაჩენილ ბავშვს არასახარბიელო სამართლებრივ მდგომარეობაში აყენებს.

"საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების" მე-3 მუხლის თანახმად, სახელმწიფო აღიარებს ეკლესიის მიერ შესრულებულ ჯვრისწერას, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამრიგად, კანონპროექტის მიზანია, ისეთი სამართლებრივი გარანტიების შექმნა, რომლითაც ჯვრისწერა წარმოშობს სათანადო სამართლებრივ შედეგებს. ამისთვის მნიშვნელოვანია, შედგეს კონსენსუსი საპატრიარქოს, ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის და ჯვრისწერას მიენიჭოს იურიდიული ძალა. ჯვრისწრის შედეგებისთვის იურიდიული ძალის მინიჭების შემთხევვაში, იმ წყვილთა უფლებრივი მდგომარეობა, რომლებიც მომავალში პრიორიტეტს საეკლესიო წესით ქორწინებას მიანიჭებენ, კანონმდებლობით იქნება დაცული. გარდა ამისა, გამარტივდება დაქორწინებული წყვილების რაოდენობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების მოპოვებაც", -აღნიშნულია განმარტებით ნაწილში.