"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას, მტკიცებით, სტრატეგიული ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხი, შესაძლოა, რუსეთის ხელში აღმოჩნდეს.
როგორც ირაკლი ალასანიამ "კურიერის" ეთერში განაცხადა, ხელისუფლება მის გასხვისებაზე მუშაობს.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი აღნიშნულ ინფორმაციას "საგანგაშოს" უწოდებს და განმარტებებს ითხოვს.
"მიმდინარეობს მოლაპარაკება სტრატეგიული ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხის გასხვისებაზე, რომლითაც იღებს საქართველო ინტერნეტს და მიბმულია ევროპასთან. აღსანიშნავია, რომ აქამდე ეს იყო ქართული კომპანიის ხელში და გვაქვს ინფორმაცია, რომ, სავარაუდოდ, ამას რუსული კომპანია ვიმ-პელ-კომი შეიძლება დაეპატრონოს. ეს ინფორმაცია იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, რომ აუცილებელია, განმარტება გააკეთოს ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ. დღევანდელ მსოფლიოში იმდენად დიდია რისკი კიბერთავდასხმების, რომ ეს საკმაოდ საგანგაშო ინფორმაციაა," – განაცხადა ირაკლი ალასანიამ, რომლის თქმითაც, არსებულ თემაზე განმარტებების მოთხოვნით "თავისუფალმა დემოკრატებმა" კომუნიკაციების ეროვნულ მარეგულირებელ კომისიას წერილობით მიმართა.
აღსანიშნავია, რომ ეს კომპანია რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთშიც ოპერირებს.