თეთნულდის სათხილამურო ტრასები საქართველოში ყველაზე გრძელი იქნება

თეთნულდის სათხილამურო ტრასები საქართველოში ყველაზე გრძელი იქნება

კურორტ თეთნულდის ინფრასტრუქტურული სამუშაოების პირველი ფაზა დასრულდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს , დღეს მოეწყო საბაგიროს გაშვება სატესტო რეჟიმში, რომელსაც ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო.

ვიცე–პრემიერმა დაათვალიერა შესრულებული სამუშაოები და გაეცნო ინფორმაციას კურორტის განვითარების შემდგომი ეტაპების შესახებ.

ვიცე–პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ასევე მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის თემის სოფლების მცხოვრებლებს გაესაუბრა, სადაც სამთო–სათხილამურო კურორტი თეთნულდი უნდა განვითარდეს.

ეკონომოკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მოსახლეობამ აღნიშნული სიახლის მიმართ დიდი ინტერესი გამოთქვა.

ღონისძიებას ასევე დაესწრნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია დარჩიაშვილი, ფრანგული კომპანია "პომას" ვიცე–პრეზიდენტი ქრიატიან ბუვიე და სხვა მოწვეული სტუმრები.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ახალ კურორტზე ადგილობრივი მოსახლეები დასაქმდებიან.

მისი განცხადებით, "მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ინიციატივით, უკვე დაიწყო მათი გადამზადების პროცესი.

"თრეთნულდზე პირველი, სამნახევარ კილომეტრიანი საბაგირო გაიხსნა. მინდა ყველას მივულოცო და ყველა გავახარო, საბაგირო იქნება უფასო, ტრასები არის იდეალურ მდგომარეობაში. ჩვენ რა თქმა უნდა, გვექნება ოფიციალური გახსნა და დიდი ზეიმი აღნიშნული საბაგიროს და ტრასების გახსნის, თუმცა მინდა დღეს უკვე ყველას დიდი მადლობა გადავუხადო ვინც მონაწილეობა მიიღო, აღნიშნულის როგორც დაპროექტებაში, ისე შემდეგ მშენებლობაში. მთის კურორტების სააგენტო დაიწყებს უკვე აქ ოპერირებას, გადამზადებული არიან ადგილობრივი თემებიდან ის თანამშრომლები, რომლებიც საჭიროა აქ მუშაობისათვის. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ძალიან ბევრი ტურისტი გვეყოლება. აქ იქნება ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასები საქართველოში და შესაბამისად იქნება გადანაწილებული სირთულეების მიხედვით, როგორც დამწყებთათვის, ასევე ძალიან პროფესიონალებისათვის. კურორტი უნიკალურია. აქ იქნება ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასები საქართველოში და ის მოემსახურება როგორც დამწყებ, ისე პროფესიონალ სპორტსმენებს", – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კურორტი თეთნულდი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "მთის კურორტების განვითარების კომპანიის" მენეჯმენტში გადავიდა, მისი ინფრასტრუქტურული სამუშაოების პირველი ფაზა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წარმატებით დაასრულა.

ამ ეტაპზე კურორტზე არის ექვსადგილიანი სავარძლის ტიპის ერთი საბაგირო, რომლის მშენებლობაც საბაგიროების მწარმოებელმა ფრანგულმა კომპანია "პომამ" უზრუნველყო.

სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა.

პროექტი 100 მილიონი ლარის ღირებულებისაა და მას საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოს მთავრობა აფინანსებს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, თეთნულდის სათხილამურო ტრასა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი (9.5 კმ) და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე (1.7კმ) იქნება. თეთნულდის სათხილამურო ტრასის საერთო სიგრძე ამ დროისთვის 7 კილომეტრია, აქედან ყველაზე გრძელი მონაკვეთი 3,5 კილომეტრია. თუმცა 2016 წლისთვის დაგეგმილია სასრიალო გზის 30 კილომეტრამდე გაზრდა. (სასრიალო გზის კლასიფიკაცია შემდეგია: ლურჯი - მოყვარულთათვის, წითელი - პროფესიონალებისთვის და შავი- ექსპერტებისთვის).

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,მთის კურორტების განვითარების კომპანიამ" კურორტის პოპულარიზაციისთვის მესტია-თეთნულდი, თეთნულდი-მესტიის მიმართულებით ავტობუსი დანიშნა, რომელიც ტურისტებს უფასოდ მოემსახურება. ასევე, მთელი სეზონის განმავლობაში, საბაგიროს მომსახურებაც იქნება უფასო.

"სპეციალისტების დასკვნით, თეთნულდი ერთდროულად 6806 დამსვენებლის მიღებას შეძლებს. სათხილამურო კომპლექსი კი ერთდროულად 4100 მოთხილამურეს მოემსახურება. უნიკალური კურორტი ტურისტებს ოთხივე სეზონის განმავლობაში უმასპინძლებს. სათხილამურო პერიოდი კი 6-7 თვემდე გახანგრძლივდება.

კურორტ თეთნულდზე მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. კურორტ "თეთნულდის" მშენებლობა 2014 წლის მაისში დაიწყო და 2016 წლის იანვარში დასრულდა. კურორტი ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, მესტიიდან კი 15 კილომეტრში მდებარეობს", - განმარტავენ სამინისტროში.